საწოლფონდი, ტესტები და სუნთქვის აპარატები – გაბუნია ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნაზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა, რამდენად არის ჯანდაცვის სისტემა მზად კორონავირუსთან საბრძოლველად; როგორი ვითარებაა ქვეყანაში საწოლფონდზე, ტესტებსა და სუნთქვის აპარატებზე.

მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შემთხვევების მატების ტენდეცია გამოიხატა, მომზადდა დამატებითი საწოლები. გაბუნიას თქმით, დღეს დღის ბოლომდე 2400 საწოლი იქნება მზად პაციენტების მისაღებად.

„პარასკევს, მას შემდეგ, რაც, გარკვეულწილად, შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიხატა, დამატებით იქნა მობილიზებული 700-მდე საწოლი. ისე, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში საწოლების რაოდენობა გაიზარდა 1500-მდე. დღეს დღის ბოლომდე  2400-მდე საწოლი მომზადდება პაციენტების მისაღებად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ქობულეთში. განაწილება არის საკმაოდ კარგი, რომ გვქონდეს თანაბარი გეოგრაფიული მოცვა“, –თქვა გაბუნიამ.

მისივე თქმით, 2400 საწოლი გადანაწილებულია 31 კლინიკაზე. მათი დიდი უმრავლესობა კერძო საკუთრებაა, სახელმწიფო საკუთრებაში კი არის 5 კლინიკა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ კლინიკები, რომლებიც აქამდეც მკურნალობდნენ Covid-პაციენტებს, კვლავაც გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა პროგრამას შემოუერთდებიან სხვა კერძო კლინიკებიც.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის გადაუდებელი დახმარების პროექტის ფარგლებში  და დონორი ორგანიზაციების დახმარებით დილით ქვეყანაში შემოვიდა დამატებით 4 000 pcr-ტესტი.

„დაახლოებით, ნახევარი მილიონი pcr-ტესტის მასალა არის დღეს ქვეყანაში და მარტის ბოლომდე დაგეგმილია 1 მილიონამდე შევსება. ეს არის კარგი მარაგი და ჩვენ მშვიდად შეგვიძლია, ეს პროცესი გავაგრძელოთ. ასევე ხდება შესყიდვა სწრაფი ტესტების, რასაც ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მძღოლების შემთხვევაში, სწრაფი მობილობიდან გამომდინარე. ეს მექანიზმიც კარგად მუშაობს“, – თქვა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, ზაფხულის პერიოდში კიდევ ერთხელ მოხდა ინვეტარიზაცია სუნთქვის აპარატების, მათი გამართულობის შემოწმება. მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვის აპარატები გამართულია და საკმარისია რაოდენობრივად, ქვეყანამ დამატებით, დაახლოებით, 100-მდე ახალი აპარატი შეიძინა, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში.

„საერთო ჯამში, 2 200-მდე სუნთქვის აპარატია მთლიანად, წინასწარი შეფასებით და აქედან 1800-მდე არის ისეთი, რომელსაც აქვს სპეციფიკური მახასიათებლები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს. მზაობა არის საკმაოდ კარგი ამ თვალსაზრისით“, – თქვა გაბუნიამ.