საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშზე ბრიფინგი გამართა.
თალაკვაძის განცხადებით, ანგარიში ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა.
უფრო კონკრეტულად, თალაკვაძის თქმით, როგორც ანგარიშში წერია, ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციის და გაძლიერების მხრივ და მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო ცვლილებებს. თალაკვაძის მტკიცებით, ანგარიშში დადებითადაა შეფასებული საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები COVID 19-ის წინააღმდეგ;
„ევროპარლამენტი გამოხატავს მხარდაჭერას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. საუბარია 150 მილიონ ევროიან დახმარებაზე. აქვე, მინდა, გამოვყო განსაკუთრებით, რომ ევროკავრიში გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ, ხაზს უსვამს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და მისი სრულად გამოყენება საქართველოს და ევროკავშირის მხრიდან, ასევე, მხარდაჭერას გამოხატავს უვიზო რეჟიმის მიმართ“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ასევე ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილზეც და თქვა, რომ ევროპარლამენტარები გმობენ უკანონო ნაბიჯებს, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობას რეგიონში.
„ვინაიდან ჩვენმა ოპონენტებმა არაერთხელ უსამართლოდ გაგვაკრიტიკეს, თქვეს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს სათანადოდ, რათა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხები სათანადოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში, ამ ანგარიშში და გამართულ დებატებში კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნის მიმართ განხორციელებული აგრესიის და ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან მაღალ რეგისტრში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა განათლების რეფორმაზე და ამ სფეროში ევროპარლამენტის მხარდაჭერაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, გენდერული თანაწორობის საკითხებზე;
„გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ რეფორმები და ეს რეფორმები ემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას“, თქვა მან.
ოთხშაბათს 16 სექტემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი ეყარა ევროპარლამენტის ანგარიშს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელსაც მხარი დაუჭირა 552 დეპუტატმა (61 წინააღმდეგ, 78 თავი შეიკავა). ანგარიშის ავტორია (rapporteur) ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს შესახებ – სვენ მიქსერი (ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D), ესტონეთი). ევროპარლამენტმა ასოცირების შეთანხმებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადების გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო და ეს ევროპარლამენტის მეორე ასეთი ანგარიშია. ამ გზით ევროპარლამენტი მონიტორინგს უწევს ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის – მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულებას.