ოპოზიცია ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიცია აფასებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანაგარიშს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ანგარიში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ეს არის უპრეცედენტო რეზოლუცია, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ის, რაც ხდებოდა წინა არჩევნებზე, აღარ მოხდეს წელს.

„ასეთი მკაფიო შეფასება და გაფრთხილება „ქართული ოცნების“ და მთავრობის, ჩემს პრაქტიკაში, უბრალოდ, არ მახსოვს. ეს მკაფიო შეფასება რეზოლუციაში შევიდა არა რაიმე შესწორებების გზით, არამედ იყო თავდაპირველ, ფრაქციებს შორის შეთანხმებულ ვერსიაში და გამოხატავს ისევ და ისევ მთლიანად ევროპარლამენტის პოზიციას.

რეზოლუციაში პირდაპირ წერია, თუ რა ხდებოდა წინა არჩევნებზე და რა არ უნდა მოხდეს ახლა. ეს არის ძალადობის გამოუძიებლობა და არავის არ დავიწყებია კორცხელის თემა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა თავის კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად. ასევე, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და პოლიტიზებული მართლმსაჯულების დარჩენილი საქმის, გიორგი რურუას საქმის გადაწყვეტასა და გათავისუფლებაზე, რადგან იმავე მუხლში შექებულია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პოლიტპატიმრების შეწყალება, როგორც 8 მარტის შეთანხმების შესრულების მხრივ გადადგმული ნაბიჯი.

ასევე, საუბარია Facebook -ის მიერ „ქართული ოცნების” ასობით გვერდის გაუქმებაზე და მოწოდება, რომ სხვადასხვა პარტიის მიმართ ასეთი ბინძური პროპაგანდა აღარ გამოიყენონ“, – ამბობს კანდელაკი.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ რეზოლუციაში მოხვდა კრიტიკა მართლმსაჯულების რეფორმის მიმართ, ასევე ხელისუფლების არასწორი და დემოკრატიის საზიანო გადაწყვეტილებების გამო.

„ყველაზე მეტად აკრიტიკებენ ხელისუფლების ნაბიჯებს მართლმსაჯულების გამო. მეორე საკითხია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გადაწყვეტილებები.

„ქართული ოცნება“ ახლა მაინც ხომ უნდა დარწმუნდეს, რომ ის, რის გამოც ჩემი დაპირისპირება დაიწყო გუნდთან, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლა და პარტიიდან ხალხის წასვლა, უკავშირდებოდა ამ საზიანო ნაბიჯებს. ევროპარლამენტისთვის ეს იყო სიგნალი. თუ სასამართლო თავისუფალი არ იქნება, არანაირი არჩევნები და რეფორმა არ არის საპირწონე და სანდოობის განცდას არ დატოვებს პარტნიორებში“, – ამბობს ბესელია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ამ ანაგრიშმა ცხადი გახადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების რეალური შანსი აქვს, თუმცა, სამადაშვილის თქმით, ამ შესაძლებლობას „ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი“ უშლის ხელს.

„ევროპარლამენტი პირდაპირ აფრთხილებს საქართველოს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი ქართული დემოკრატიისთვის. საუბრობენ იმაზე, რომ ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანაში საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ვფიქრობ, გასაგებია, რომ დღეს მთავარი დაბრკოლება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არის იავანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი“, – ამბობს სალომე სამადაშვილი.


ევროპარლამენტის რეზოლუცია მოიცავს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესრულების შეფასებას.

მომხსენებელი აფასებს პროგრესს „ისეთ საკვანძო საკითხებში“, როგორიცაა: პოლიტიკური დიალოგი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა. საბოლოო ჯამში ანგარიში პოზიტიურად აფასებს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესს რეფორმების გატარებისა და კანონმდებლობის მიღების თვალსაზრისით. „მნიშვნელოვან პროგრესად“ არის მოხსენიებული საკონსტიტუციო ცვლილებები და პოლიტიკური პარტიების 8 მარტის შეთანხმება, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას გულისხმობდა.

ანგარიშის მიხედვით, „სასამართლო სისტემის მდგომარეობა კვლავ სავალალოა“, რაც მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებსა და ოპოზიციონერთა სამართლებრივ დევნას უკავშირდება. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მსგავსი შემთხვევები ზრდის ეჭვს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ. მომხსენებლები საქართველოს სთავაზობენ საერთაშორისო პარტნიორთა – ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის – რეკომენდაციების იმპლემენტაციას.

კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად არის დასახელებული საგარეო საკითხები. ანგარიშის მიხედვით, საგრძნობლად გაუარესდა სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში. ასევე, ყურადღება გამახვილებულია კიბერთავდასხმებზე, რომელიც რუს აქტორებს უკავშირდება.

ევროკავშირი ამავე რეზოლუციით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიონ 2019 წლის ივნისში სამართალდამცველთა მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართა ძალის გადამეტების ფაქტები. ასევე მოუწოდებს, უზრუნველყოს მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, როგორც ამას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ითვალისწინებს.