შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 41 წლის მამაკაცს ეძებს.
უწყების განცხადებით, თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, N 32–ში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს, დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
„ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცის გაუჩინარების ფაქტის შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმირებულია შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე, სხვადასხვა სამსახური. უწყების ინფორმაციით, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.