ორგანიზაცია„საფარი“ ძალადობის მსხვერპლის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით ქმრის მხრიდან უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაასრულა.
„32 წლის ეკა მიქავა 2019 წლის 28 დეკემბერს მეზობლის ბოსელში იპოვეს ჩამომხრჩვალი. საქმეზე მეორე დღესვე ქმარი, ბაკურ სორდია, დააკავეს.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის და 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ზუგდიდის სასამართლომ მისი საქმე თვითმკვლელობის მუხლიდან ძალადობის მუხლზე გადააკვალიფიცირა და დაკავებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს სასამართლომ ძალადობის მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა მიუსაჯა, დაზარალებულის ინტერესების დამცველმა მოითხოვა, რომ საქმეს მინიჭებოდა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შუამდგომლობით, პროკურატურას მიმართა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და საქმე გადააკვალიფიცირა სს კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შესაბამისად, მსჯავრდებულს სასამართლომ სასჯელი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა – მას ციხეში ყოფნა 4 წლით მოუწევს“, – ამბობენ „საფარიში.
როგორც ორგანიზაციის იურისტი ელისო რუხაძე ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცემოდა.
„რადგან თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლთან დაკავშირებულ საქმეებში მსხვერპლი უმეტესად უკვე გარდაცვლილია და ვერ საუბრობს თვითმკვლელობის კონკრეტულ გარემოებებზე, სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით, ზემოთხსენებულ საქმეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მსგავს შემთხვევებში, ხშირად დგება გამამართლებელი განაჩენი ან საქმე სხვა მუხლით კვალიფიცირდება, რაც დამნაშავეს სასჯელს მნიშვნელოვანწილად უმსუბუქებს. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც სასამართლო პრაქტიკის განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“, – ამბობს ელისო რუხაძე.