გადაიხედოს საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგია - მიმართვა მთავრობას

პუბლიკა

პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“ მიმართა საქართველოს მთავრობას საქართველოში ოფიციალური საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვის თაობაზე.

„ჩვენი გათვლით, საარსებო მინიმუმი, ნაცვლად 182 ლარისა, რომელიც ოფიციალურად გამოაქვეყნა სტატისტიკის სამსახურმა, ეს არის 364 ლარი. აქედან გამომდინარე, მიმართვა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გადაიხედოს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია და სოციალური ორიენტირი და სოციალური პოლიტიკა დაეფუძნოს სწორედ ამ რიცხვებს“, – აღნიშნა პარტიის წარმომადგენლმა ბექა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საარსებო მინიმუმს ეფუძნება როგორც საპენსიო პოლიტიკა, ისე შემწეობებისა და ხელფასების გაცემის პოლიტიკა, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მისი ადეკატურად და სამართლიანად განსაზღვრა.

პარტიის თქმით, საარსებო მინიმუმის განსაზღვრა 3 მდგენელის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მათივე თქმით, საარსებო მინიმუმი შრომისუნარიან მამაკაცზე გაანგარიშებით შეადგენს 364.54 ლარს  – ამჟამინდელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ (99.9%-ით) მეტს.

„საარსებო მინიმუმი შრომისუნარიან მამაკაცზე გაანგარიშებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში 182.3 ლარს შეადგენს. თუმცა, ამჟამინდელი ფასების საერთო დონისა და ჩვენი მოქალაქეების სამომხმარებლო  კულტურისა და ქცევის გათვალისწინებით, იგი აბსოლუტურად არ შეესაბამება ადამიანთა თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებების მინიმალურ სტანდარტებს და საკმაოდ დაცილებულია მათგან.

საქართველოს კანონის „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“  მიხედვით, საარსებო მინიმუმი უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. დღევანდელი ოფიციალური საარსებო მინიმუმი კი არათუ ვერ პასუხობს მოქმედი კანონის მიზნებს, არამედ მხოლოდ დიდი პირობითობით თუ  ჩაითვლება საკმარისად  შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის (ისევე, როგორც დადგენილი პროპორციით – ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანის)   სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების მინიმალური რაციონის შესაძენად, თანაც – კალორიულობისა და ძირითადი ქიმიური ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) მეცნიერულად დასაბუთებულ თანაფარდობასთან  ყოველგვარი მისადაგების გარეშე. შესაბამისად, ოფიციალური საარსებო მინიმუმი მინიმალურ დონეზეც კი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის, როგორც სოციალური სუბიექტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ რესურსს.

აღნიშნული პრობლემა უკავშირდება იმ მეთოდოლოგიასა და პარამეტრებს, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმის დადგენისას. შესაბამისად, მოქმედი საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესი და მის საფუძველზე მიღებული მაჩვენებელი შინაარსობრივად – მცდარი და სოციალურად – გამოუსადეგარია. ქვეყანაში არსებული აგფლაციის (სურსათზე ფასების სწრაფი ზრდა სხვა საქონელთან შედარებით) დონის გათვალისწინებით  – 182.3 ლარი ნამდვილად არ არის საკმარისი არათუ დეპრივაციული სიღარიბის (როდესაც საკვები საკმარისია, თუმცა არასასურსათო საქონლისათვისა და მომსახურებისთვის პირს არ აქვს საკმარისი თანხა) ან საშემოსავლო სიღარიბის (როდესაც საკვები ენერგიის მიღების პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია და პრობლემა ხარისხია) დასაძლევად, არამედ ფიზიოლოგიური სიღარიბის დასაძლევადაც კი (მინიმალურ დონეზე დაბალანსებული კვების უზრუნველყოფა).

მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ გადახედოს საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიას და გაითვალისწინოს ჩვენ მიერ შემუშავებული საარსებო მინიმუმის გაანგარიშების კონცეპტუალური სქემა“, – წერია მთავრობისთვის მიწერილ მიმართვაში.