პარტია „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ მევახშეობა კანონით დასჯადი გახდეს, – ამის შესახებ მან „TV პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.
ხაზარაძე ამბობს, რომ ბევრს ბანკირი და მევახშე ერთმანეთში ერევა, და რომ მას ხშირად ეუბნებიან შეხვედრებზე, რომ ბანკის ვალი ახრჩობთ, ხოლო როდესაც დეტალებით ინტერესდება, ხშირ შემთხვევაში აღმოაჩენს ხოლმე, რომ საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.
ის ამბობს, რომ მას ხშირად ამკობენ სიტყვა მევახშით, ხოლო ის გამოდის ინიციატივით, რომ ეს საქმიანობა – კერძო პირის მიერ ფულის გასესხება სარგებლის მიღების მიზნით, დასჯადი გახდეს.
„ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, რომ ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს, მე ვეკითხები, რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან ვიღაც კერძო პირის თემას.
პირდაპირ მინდა გამოვიდე ინიციატივით. თქვენ ეთერში და სხვაგანაც გადის ძალიან არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ, სარეკლამო რგოლები და ჩვენ, მე პირადად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო, მევახშე ქართული განმარტებითი ლექსიკონით ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს.
მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი”, – განაცხადა ხაზარაძემ.