„პრიორიტეტული მიმართულების განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი, ლადო სადღობელაშვილი პარტია „ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, საბანკო საქმიანობისა და მევახშეობის აკრძალვის შესახებ, ბრიფინგით გამოეხმაურა.
ბრიფინგზე სადღობელაშვილმა, მისი მტკიცებით, საჯარო რეესტრის ამონაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, ჩანს, რომ 2015-2020 წლებში „თიბისი ბანკის“ მიერ იძულებით აღსრულებაში გადაცემული ბინების რაოდენობა შეადგენს 903-ს. ლადო სადღობელაშვილმა ის ადამიანები წარადგინა, რომლებმაც, მისი თქმით, ბანკის ვალის გამო საცხოვრებელი დაკარგეს.
„დიდი წილი მევახშეობის უჭირავს ბატონი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ ბანკს. მართალია, ბატონი ხაზარაძე ამბობს, რომ იგი ბიზნესში აღარ არის და პოლიტიკაშია, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ წლებში, როდესაც იგი იყო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში, მაშინ წაართვეს ამ ხალხს ბინები. მაგალითად, ქალბატონ დარეჯანს 2009 წელს გაუყიდეს ბინა, ემუქრებოდნენ სასამართლოებით, დაჭერით, დაკავებებით“, – განაცხადა მან.
ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ შეიმუშავა საკანონმდებლო პროექტი, როგორ შეიძლება სახელმწიფო დაეხმაროს ბანკის გამო ბინადაკარგულ ადამიანებს.
„მოვუწოდებ ბატონ ხაზარაძეს, მოხსნას თავის პარტია, გადადგეს თავმჯდომარეობიდან და არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ, რომ მისი ქმედება ამორალურია. 903-მა ადამიანმა დაკარგა სახლი. ამაზე დიდი დანაშაული ერის წინაშე, მე მგონი, სააკაშვილს არ ჩაუდენია. ეს ადამიანი სხვების უბედურებაზე და ცრემლებზე გამდიდრებულია, არავითარი მორალური უფლება არ აქვს ამ ადამიანს, მოვიდეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა სადღობელაშვილმა.
„თუ რამე ვიშრომეთ და რამე იშოვა ჩემმა ოჯახმა, ყველაფერი თქვენმა ბანკმა წაიღო, ორჯერ მეტი გვაქვს შეტანილი და იმაზე მეტს ითხოვთ ისევ, გვემუქრება ბანკი სახლის წართმევით, არ დავთმობთ არც სახლს და არც არაფერს, ამიტომ გონს მოეგეთ! გრცხვენოდეთ, ბატონო მამუკა. იმ დღეს, ჩემი სახლი აუქციონზე რომ გავიდა, რამდენი ათასი ადამიანი აატირეთ“, – განაცხადა ბრიფინგზე ლუდმილა ჟვანიამ, რომელიც სადღობელაშვილმა წარადგინა, როგორც „თიბისი ბანკის“ მიერ დაზარალებული.
პარტია „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ მევახშეობა კანონით დასჯადი გახდეს, – ამის შესახებ მან „tv პირველის” ეთერში გუშინ განაცხადა.
ხაზარაძე ამბობს, რომ ბევრს ბანკირი და მევახშე ერთმანეთში ერევა, და რომ მას ხშირად ეუბნებიან შეხვედრებზე, რომ ბანკის ვალი ახრჩობთ, ხოლო როდესაც დეტალებით ინტერესდება, ხშირ შემთხვევაში აღმოაჩენს ხოლმე, რომ საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. ის ამბობს, რომ მას ხშირად ამკობენ სიტყვა მევახშით, ხოლო ის გამოდის ინიციატივით, რომ ეს საქმიანობა – კერძო პირის მიერ ფულის გასესხება სარგებლის მიღების მიზნით, დასჯადი გახდეს.
„მომაწოდეთ კონკრეტულად ერთი შემთხვევა მაინც, სადაც ოჯახი იქნა გამოსახლებული „თიბისი ბანკის” მიერ, მზად ვარ პასუხი ვაგო ამაზე. ბოლო 10 წლის სტატისტიკით მსგავსი ფაქტი არ მომხდარა”, – ამის შესახებ კი ხაზარაძემ ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში განაცხადა.
18 სექტემბერს „ქართულმა მარშმა“ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ „ლელოს“ ოფისთან აქცია გამართა. აქტივისტებმა ხაზარაძე მოსახლეობის გაღარიბებაში დაადანაშაულეს და მევახშე უწოდეს.
ლადო სადღობელაშვილის დღევანდელი მოწოდების მსგავსად, „მარშმაც“ მოუწოდა „ლელოს“ წევრებს, გაემიჯნონ ხაზარაძეს და „სამშობლოს სამსახურში ჩადგნენ“.
„ქართული მარშის“ აქციას პარტიის ოფისთან „ლელოს” მხარდამჭერები და პოლიტიკური ლიდერები „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე, საბა ბუაძე, ლანა გალდავა, მედეა მეტრეველი, გიგლა მიქაუტაძე, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ოქროაშვილი და „ლელოს“ სხვა ლიდერები დახვდნენ. მათ „ქართული მარში“ „ქართული ოცნების” მართულ პროცესად შეაფასეს.
„ეს ხალხი იძულებულია, რომ ამ პერფორმანსში მიიღოს მონაწილეობა. ეს პერფორმანსი კი არის ქართული მარში. ამ ძალას არაფერი საერთო არ აქვს ქართულთან. ეს არის ქართული ოცნების სამარცხვინო ქვედანაყოფი, ყველაზე აგრესიული. შეხედეთ, რას აკეთებენ, რა მოწოდებები აქვთ. ეს არის ამ ხელისუფლების სახე, უბრალოდ, მათ რცხვენიათ, რომ თავიანთი ბრენდით გამოიტანონ ეს ყველაფერი გარეთ და ქართული მარშით, ერთ-ერთი ქვედანაყოფით მართავენ ამ მასკარადს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
ლადო სადღობელაშვილის განცხადებებსაც ბუაძე „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის რიტორიკის გაგრძელებად აფასებს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აშინებს „ლელოს“ მზარდი რეიტინგი და „ასეთი ოდიოზური და კომიკური ფიგურებით ცდილობენ, საარჩევნო პროცესში ხელი შეუშალონ“.
„ლადო სადღობელაშვილი არის პროფესიონალი აფერისტი, რომელიც ამგვარი საქმიანობითა და დაკვეთის შესრულებით არის დაკავებული. ამიტომ ცხადია, მის არც ერთ განცხადებას სერიოზულად არ აღვიქვამთ. მისი პირიდან ამოსული ყველა სიტყვა, როგორც წესი, სიცრუე არის ხოლმე და ბოლოდროინდელ განცხადებაშიც, დარწმუნებული ვარ, სიმართლის ნატამალი არ იქნება“, – ამბობს ბუაძე „პუბლიკასთან“.
„ლელოს“ ოფისთან „ქართული მარშის“ აქციას ოპოზიციური პარტიები გამოეხმაურნენ. „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ თქვა, რომ „მარში“ მმართველი პარტიის „ერთ-ერთი ფრთაა, ისევე, როგორც პატრიოტთა ალიანსი“.
„რომ შევხედოთ, თუ ვინ იღებს „ქართულ მარშში“ მონაწილეობას, ისინი არინ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები და დღემდე მათ აქვთ შეხმატკბილებული ურთიერთობები“, – თქვა კაპანაძემ და აქცია შეაფასა, როგორც „ქართული ოცნების ჩვეულებრივი, წინასაარჩევნო ბინძური სტრატეგია, გამოიყენოს თავისი სატელიტები ასეთი ტიპის მივარდნებისთვის, ძალადობისთვის, დაშინებისთვის და ა.შ“.
„პუბლიკა“ ოპოზიციური პარტიების ბრალდების საპასუხოდ „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ყველა უფლებამოსილია, რაც უნდა, ის ილაპარაკოს. რაც შეეხება ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს სადღობელაშვილის და „მარშის“ განცხადებები „ქართული ოცნების“ რიტორიკის ნაწილია, ხუნდაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს მათთან საერთო არ აქვს.
„ქართულ ოცნებას“ ამ ჯგუფთან არავითარი საერთო არა აქვს, რამეთუ, იყო შემთხვევები, როდესაც ამ ჯგუფმა „ქართულ ოცნებასაც“ შეუქმნა პრობლემები. „ლელოს“ რეიტინგი არამგონია, რომ მაღალი იყოს, მაგრამ ეს გამოჩნდება არჩევნებზე. ალბათ, შესაძლოა, მაქსიმუმ ერთნიშნა ციფრით გამოიხატოს, თუმცა, გამოხატვის თავისუფლების ფონზე, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, ვინ რას იტყვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „პუბლიკასთან.“