ევროსასამართლოში მაქარაშვილის, ბერძენიშვილისა და კაჭარავას სარჩელები დარეგისტრირდა

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 3 სარჩელი დარეგისტრირდა. აქტივისტები – გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ირაკლი კაჭარავა 2019 წელს, 18 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს დაკავებისას უფლებების დარღვევის შესახებ დავობს ევროსასამართლოში.

„სტრასბურგებში ვაფრინეთ ჩვენი ამბავი და 6 თვის თავზე საქმე სახელწოდებით: მაქარაშვილი/ბერძენიშვილი ვს „ქართული ოცნება“ წარმოებაში მიიღეს! პროპორციულის მოთხოვნისთვის რომ გამოგვამწყვდიეს და კიდევ ერთხელ შეარცხვინეს ქვეყნის იმიჯი, აი, მაგ საქმეს ასე ვერ დავტოვებდით. ბუნებრივია, კომპენსაცია არ მოგვითხოვია, ჩვენივე გაუბედურებული ხალხის ჯიბიდან კაპიკს არ ავიღებთ, მაგრამ მივიღებთ ბევრად მეტს, სამართალს“, – წერს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

იურისტი ედვარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ საჩივრები ეხება 2019 წლის 18 ნოემბერის აქციის დაშლას, მოსარჩელეების დაკავებას და მათ ადმინისტრაციულ პატიმრობას (ევროპული კონვენციის მე-6 და მე-11 მუხლები და მე-7 ოქმის მე-2 მუხლი).

„შეგახსენებთ, რომ ეს მოვლენები პარლამენტის მიერ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უკავშირდება. მინდა, აღვნიშნო, რომ სამივე საქმე არის მეტად საინტერესო. ვიმედოვნებ, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საქართველოში რეალური სამართლებრივი ცვლილებებისთვის“, – ამბობს იურისტი.

2019 წლის 18 ნოემბერს აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით – ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის – 37 პირი დააკავა. მათგან გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ირაკლი კაჭარავას – 4-დღიანი, ზუკა ბერძენიშვილს კი – 7-დღიანი.