პროკურატურის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი სატელიტური ფოტოების ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფოტოები იყო დამონტაჟებული და ყალბი. ამის გამო პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლით.
როგორც პროკურატურა წერს, გამოძიების პროცესში მოსამართლის განჩინების საფუძველზე მათ მიეცათ ნებართვა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ტელეფონიდან მომხდარიყო დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის, ე.წ. სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა.
თუმცა, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა არ მომხდარა, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს.
პროკურატურა აცხადებს, რომ მობილურის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დალუქვა მოხდა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისი თანხმობით.
„21 სექტემბერს თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში მიხეილ რამიშვილთან ზემოხსენებული განჩინების ფარგლებში მიმდინარე გამოთხოვის პროცესში აღმოჩენილი იქნა მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის არსებული კომუნიკაცია და ასევე მობილურ ტელეფონში არსებულ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ნანახი იქნა დავით ფურცხვანიძის მიერ გამოგზავნილი და მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები, რომელთა სიყალბე დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით.
იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა მომხდარიყო აღნიშნული ინფორმაციის დამაგრება, ისე რომ არ შეცვლილიყო მისი ციფრული მონაცემები (ე.წ. „ჰეშები“) და მომხდარიყო ორიგინალი ინფორმაციის გადმოტანა დისკზე და საქმეზე დართვა, საჭირო იყო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რაც არ გააჩნდა თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობას. აღნიშნულის გამო მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მომხდარიყო ინფორმაციის გამოთხოვა მისი მონაწილეობით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რაზეც მან განაცხადა თანხმობა.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან განხორციელდა მისი და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციის ამსახველი, სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა. ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში მონაწილეობდა თავად მიხეილ რამიშვილი, რა დროსაც მისი მობილური ტელეფონიდან მოხდა მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რაც მითითებული იყო მოსამართლის განჩინებაში და რაიმე სხვა პირადი ხასიათის ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა.
დღეს დილითვე, მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი იქნა დისკზე და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმი, თუმცა მიხეილ რამიშვილმა მასზე ხელმოწერაზე და ასევე მისი ტელეფონის ჩაბარებაზე არაერთი შეთავაზების მიუხედავად უარი განაცხადა და დატოვა ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციული შენობა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, ამ საქმეზე 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ რამიშვილს მოწმის სახით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხავენ.
„ეს საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა ხელს არ უშლის მას განაგრძოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ რამიშვილმა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მისი მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა პროტესტის ნიშნად დატოვა.
მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოძიებამ მისი მობილურიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება მოახდინა, რომელსაც საქმესთან კავშირი არ ჰქონდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამგვარად მის პირად სივრცეში შეიჭრნენ.
„გუშინ ვაჩვენე „ვოთსაფში” მიწერ-მოწერა და დეტალურად 6 სურათი. გააკეთეს ე.წ. სქრინებიც. ამის შემდეგ წამოვედით, იმიტომ, რომ სპეციალისტს კიდევ ენახა ის 6 ფოტოსურათი. მე მეგონა, რომ 6 ფოტოსურათის კლონირება მოხდებოდა, არადა ამ დროს, მთელი ღამის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფრის კლონირება მოხდა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.