„გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით“ - პროკურორი რამიშვილის შესაძლო დაკავებაზე

პუბლიკა

პროკურორი დავით გუმბერიძე პირდაპირ არ ამბობს, მოსალოდნელია თუ არა მიხეილ რამიშვილის დაკავება და აცხადებს, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.

„ამ საქმეზე გრძელდება გამოძიება და გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების და დადგენის მიზნით. კონკრეტულად მე ვერ გავაკეთებ ახლა რამიშვილთან ან სხვა ფიგურანტ პირებთან დაკავშირებით, თუმცა გიდასტურებთ ფაქტს, რომ გრძელდება გამოძიება“, – განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ, რომელმაც იგივე პასუხი გასცა შეკითხვას დავით ფურცხვანიძის შვილის შესაძლო დაკავების შესახებ.


„ბატონი დავითის დაკავების შემდეგ, მოსალოდნელია ჩემი დაკავება. წყაროს დაკავება როგორ შეიძლება, რა შუაშია წყარო?! ეს მე გადმომიგზავნა, მე გავასაჯაროვე, მე მოვიტანე, ვთქვათ, ე.წ. მტკიცებულებად რომ შეაფასეს და თუ გაყალბებაზეა ლაპარაკი, რას აყალბებენ და რაში ედავებიან, ჩემამდე არ დადის. მე ეს არა მტკიცებულებად, არამედ ინფორმაციად მოვიტანე. მაშინ გამოდის, რომ მალე მეც დამაკავებენ და საქმისგნ ჩამომაშორებენ”, – განაცხადა რამიშვილმა დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ.


ე.წ. სატელიტის ფოტოების სავარაუდო ფალსიფიკაციის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პირადი მოტივით მართლსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დავით ფურცხვანიძე დააკავა.

თამარ ბაჩალიაშივლის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, დავით ფურცხვანიძე არის ის პირი, რომელმაც მას ე.წ. სატელიტის ფოტოები მიაწოდა.

როგორც რამიშვილი ამბობდა, აღნიშნული ე.წ. სატელიტის ფოტოებით მტკიცდება, რომ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შემდეგ დღეებში – 19 და 20 ივლისს, თამარის ავტომანქანა იმ ადგილზე არ ჩანს, სადაც ის 23 ივლისს იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ აღნიშნულ ფოტოებზე ექსპერტიზა დანიშნა, და მათი თქმით, ექსპერტიზის დასკვნით, „მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი”. უწყებამ ამის შემდეგ სამართლებრივი რეაგირება დაიწყო.