ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახიდურში მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის თქმით, 50-მდე პირი, რომელთაც თან ახლდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის გოგი მეშველიანის ძმა გოჩა მეშველიანი, თავს დაესხა ოპოზიციის აქტივისტს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
„ამ სოფელში ეს არის მეორე შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ოპერატორს, დაემუქრნენ თავის მოკვეთით. არავინ არ არის დაკავბული ან დაკითხული.
ახლა განმეორდა ეს სიტუაცია. ჩაის კაფეში შეცვივდა 50-მდე ადამიანი და ერთ ადამიანს არიფ იუსოფოვს ფიზიკურად გაუსწორდა. კიდევ კარგი, რომ თანასოფლელები გამოექომაგნენ, თორემ დიდი ალბათობით მოკლავდნენ კიდეც მას. მას დასდევნდნენ, გამოიჭირეს და გაუსწორდნენ ფიზიკურად. ამავდროულად გოჩა მეშველიანმა, რომელიც მეთაურობს ამ ბანფორმირებას, რამდენჯერმე ჰაერშიც გაისროლა“, – განაცხადა ოქრიაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.
კახა ოქრიაშვილის თქმით, მის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის მხარდამჭერებზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევაა და ხელისუფლება ცდილობს დაშინებით წაართვას ოპოზიციას ხმები. მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ ოპოზიციის აქტივისტს მმართველი გუნდის მხარდამჭერებთან კამათი ან დაპირისპირება არ ჰქონია და მას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაესხნენ თავს.
„არანაირ ინცინდენტს ან დაპირისპირებას არ ჰქონდა ადგილი, მინდა ხაზი გავუსვა. იჯდა ადამიანი, შეცვივდა 50 კაცი, ეძებდა კონკრეტულ ადამიანს, დაინახეს და თავს დაესხნენ. არანაირი კომუნიკაცია არ უძღოდა წინ. მიმიზანმიმართულად მოვიდნენ ადამიანის საცემრად“, – თქვა ოქრიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი კი ამბობს, რომ დაპირისპირების ინიციატორი არიფ იუსოფოვი იყო, რომელიც მმართველი გუნდის აქტივისტებს დაესხა თავს.
„დღეს საღამოს ჩვენი აქტივისტების ჯგუფს, რომლებიც სოფელ ნახიდურში დაკავებულები იყვნენ სააგიტაციო პლაკატების გაკვრით და ვერბალური აგიტაციით, თავს დაესხა ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი არიფი იუსოფოვი, თავის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. გამოყენებული იყო ხელკეტები და ორი ჩვენი დაზიანებული აქტივისტი გადაყვანილია საავადმყოფოში“, – ამბობს მეშველიანი „რუსთავი 2-თან“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.