კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებული ბიძინა ჩაჩხიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„დღეს დასრულდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი. 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც 2020 წლის 12 იანვარს, BASSIANI-ის შესასვლელში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩვენი თანამშრომლების მიმართ 18 გასროლა განახორციელა და დაჭრა სამი მათგანი”, – წერს facebook-ზე ნაჯა ორაშვილი, „ბასიანის” ერთ-ერთი მფლობელი.
აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლომ.
„საქმის მასალების თანახმად, 2020 წლის 12 იანვარს ღამის საათებში, ცეცხლსასროლი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებული არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესს და შეიჭრა ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე, ხმამაღლა, გინებით ითხოვდა კარის გახსნას, რის გამოც სანადირო თოფიდან მოახდინა დაახლოებით 15-მდე გასროლა. შედეგად ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიიღო მომუშავე პერსონალმა.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა, სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბ.ჩ.-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა“, – წერია განცხადებაში.
ჩაჩხიანს ბრალი წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.