რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თურქეთის ხელისუფლება აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადებების გამო გააკრიტიკა. პესკოვის თქმით, პარტნიორმა ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაწყვეტად.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განსაკუთრებით ისეთ პარტნიორ ქვეყნებს, როგორიც თურქეთია, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენონ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და კონფლიქტის გადაწყვეტის მშვიდობიან გზებზე დასაბრუნებლად“, – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებას, რომ სომხეთი ოკუპანტია და კონფლიქტი მას შემდეგ დასრულდება, როცა სომხეთი მთიან ყარაბაღს დატოვებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აზერბაიჯანს დახმარება აღუთქვა როგორც მოლაპარაკების, ისე ბრძოლის პროცესში.
„ნებისმიერი განცხადება ამა თუ იმ ფორმით მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების შესახებ ცეცხლზე ნავთის დასხმაა. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამას“, – განაცხადა პესკოვმა.
მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება 27 სექტემბერს დილით დაიწყო. ორივე მხარე კონფლიქტის განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებს. რეგიონში სამხედრო მოქმედებები მესამე დღეა არ წყდება. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ გაანადგურეს არერთი სომხური პოზიცია და დაიკავეს დასახლებებისა და სტრატეგიული ობიექტების ნაწილი. სომხეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მიერ დაკავებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის უკან დაბრუნება შეძლეს.
სამხედრო დაპირისპირებას ათობით სამხედრო ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი ირწმუნება, რომ მათ მტერს გაცილებით დიდი ზიანი მიაყენეს, საუბარია ასობით დაღუპულ ჯარისკაცზე. კონფლიქტის განახლების შემდეგ მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოქალაქეებშიც.
ამჟამად როგორც უშუალოდ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. სომხეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო აზერბაიჯანში ნაწილობრივ მობილიზაციაც გამოცხადდა.
კონფლიქტს გამოეხმაურა არაერთი ქვეყანა. მათ შორის თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა სომხეთი და მას კონფლიქტის გაღვივებასა და რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობაში დასდო ბრალი. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა აღუთქვეს. ხოლო აზერბაიჯანი გააკრიტიკა კვიპროსმა ოფიციალურ განცხადებაში. მხარეებს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა კრემლმაც, მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა.
ფაშინიანი ესაუბრა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსაც, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, მოუწოდა დაპირისპირების დიალოგის ფორმატში გადაყვანისკენ, ფაშინიანმა კი მოითხოვა, რომ შეაჩერონ თურქეთი კონფლიქტში შესაძლო ჩართვისკენ.
კონფლიქტის მხარეებს სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ აქტიურად მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, NATO, ევროპის საბჭო, აშშ და სხვ.