პროკურორის განმარტება, რატომ ჩამოართვეს პროგრამისტ გიორგი ლუბარეცს მობილური | ბაჩალიაშვილის საქმე

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროგრამისტი გიორგი ლუბარეცის მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა დასრულდა.

საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გიორგი ლუბარეცს „ვილა ალგეთის“ ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჰქონდა გადამოწმებული, შესაბამისად, გამოძიებას აინტერესებდა თუ რა მიზნით გადაამოწმა მან ხსენებული ლოკაცია.

„ეს კონკრეტული ლოკაცია, რომელსაც თქვენ, ჟურნალისტები „ვილა ალგეთს“ უწოდებთ და ნუ ეს არის ერთ-ერთი კერძო პირის საცხოვრებელი, ასე ვთქვათ, კონკრეტულ პირს, ვინც მოწმედ დავკითხეთ, გადამოწმებული ჰქონდა 2020 წლის 22 ივლისს. დაისვა კითხვა რატომ, რა მოტივაციით, რისთვის გადაამოწმა.

ჩვენთვის არსებობდა დასახელებული ვარაუდი, რომ ამ მობილურში შესაძლოა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. რაც შეეხება განჩინებას, მობილური არის მხოლოდ ამოღებული, რამე საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა“, – განაცხადა პროკურორმა.

გიორგი ლუბარეცის უფლებადამცველის, ვანო ჩიტაშვილის განცხადებით, გამოძიება ფიქრობდა, რომ „ვილა ალგეთის“ შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ლუბარეცმა მიაწოდა, რაც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა უარყო. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, ძირითადი შეკითხვები შეეხებოდა თუ რა კავშირი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან, რა ინფორმაციას ფლობდა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და რა ახალი ინფორმაციის მიწოდება შეეძლო გამოძიებისთვის ამ საქმის ირგვლივ.

„კითხვები ასევე შეეხებოდა, მიაწოდა თუ არა „ვილა ალგეთის“ შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს – ნოდარ მელაძეს ან ელისო კილაძეს. ამასთან დაკავშირებით მან ასევე დაადასტურა, რომ არც ჟურნალისტებთან და არც სხვა გარეშე პირებთან შემხებლობა არ ჰქონდა. პროკურორის კითხვებზე გიორგიმ ამომწურავი პასუხი გასცა, მას რომელიმე კითხვა პასუხგაუცემელი არ დაუტოვებია, შესაბამისად, არ მგონია, რომ მისი ხელახალი დაბარება გახდეს საჭირო. სავარაუდოდ, პროკურატურა ფიქრობდა, რომ „ვილა ალგეთზე“ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა გიორგიმ და უნდოდათ ამის უარყოფა ან დადასტურება, რაც გიორგი ლუგარეცმა უარყო,“ – აღნიშნა ვანო ჩიტაშვილმა.

გიორგი ლუბარეცმა პროკურატურაში მისი დაბარებისა და მობილური ტელეფონის ჩამორთმევის შესახებ გუშინ თავდაპირველად სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, მოგვიანებით კი „პუბლიკასთან“ დეტალებზე ისაუბრა.

ლუბარეცი „პუბლიკას“ უყვება, როგორც მას განუმარტეს, დაბარების საფუძველი მისი ინტერნეტაქტივობა გახდა, კერძოდ, ის, რომ იმ პერიოდში, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებული იყო, ის საკადასტრო რუკების საიტზე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში სხვადასხვა ობიექტს ამოწმებდა. პროგრამისტი ამბობს, რომ პროკურატურაში მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს და განუმარტეს, რომ გამოძიების ფარგლებში იდგა ამის საჭიროება. ლუბარეცის თქმით, გამომძიებელს მისთვის სასამართლო შუამდგომლობა არ წარუდგენია.