აქციების, „სირცხვილიას“ ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც არ ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს.
აქციის ორგნიზატორები აცხდებენ, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან აქციების ერთადერთი წარმმართველი და ისინი ვერ მიიღებენ ერთპიროვნეულ გადაწყვეტილებას აქციების შეწყვეტის, ან გაგრძელების თაობაზე.
შეგახსენებთ, სასტუმრო „ბილტმორში“ დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
წაიკითხეთ აქციის ორგანიზატორების განცხადება სრულად:
„სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 30 წლის განმავლობაში ითხოვდნენ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემას. 2019 წლის 24 ივნისს ეს ხანგრძლივი ბრძოლა “სირცხვილიას” ხალხმრავალი მანიფესტაციებისადმი ხელისუფლების დათმობით დაგვირგვინდა. ქვეყნის სამსახურში ჩამდგარ ხალხს ბიძინა ივანიშვილი 2020 წელს სამართლიან საარჩევნო სისტემას დაპირდა.
ბიძინა ივანიშვილის მორიგმა ტყუილმა და უკან წაღებულმა პირობამ პროტესტის ახალი ტალღა ააგორა. კამპანიამ “ერთად ერთის წინააღმდეგ” სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა. ორგანიზებული გამოსვლებისა და საერთაშორისო წნეხის შედეგად ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ოპონენტებს შეხვედროდა, რათა ე.წ. გერმანული მოდელის თაობაზე ემსჯელა.
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც არ ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს და უთანხმოების კერები გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობაში.
თუმცა, თუ მინიმალური შანსი მაინც არსებობს, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად ბიძინა ივანიშვილი წავა დათმობაზე, შემოთავაზებული ფორმატის მიუღებლობის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს მისი ობსტრუქციის მორალური უფლება.
თავის მხრივ, მოლაპარაკებებზე წარმოდგენილმა პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ მკაცრად განსაზღვრული მანდატით ერთადერთი შედეგის მისაღებად – პროპორციული არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით და არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს, მოლაპარაკებები აქციოს პოლიტიკურ ფარსად, გამოიყენოს დროის გასაყვანად და საზოგადოების კიდევ ერთხელ მოსატყუებლად.
გვინდა შეგახსენოთ, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან საპროტესტო აქციების ერთადერთი წარმმართველები და შესაბამისად, ვერ მიიღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მათი შეწყვეტის ან გაგრძელების თაობაზე. თუ მოლაპარაკებების პროცესი ან მისი შედეგი არ იქნება შესაბამისობაში სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინებთან, ამას მოყვება უმწვავესი რეაქცია, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.
სამოქალაქო საზოგადოება არასდროს შეურიგდება პოლიტიკურ კომპრომისებს ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე“.-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.