ახალი დირექტორი ითხოვს, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოვშორდე - ნათია ზოიძე

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის მოადგილე, ჟურნალისტი ნათია ზოიძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალდანიშნული დირექტორი გიორგი კოხრეიძე მისგან ითხოვს, ჩამოშორდეს სარედაქციო პოლიტიკას. მისი თქმით, მან მიიღო გაფრთხილება, რომ მის [ზოიძის] მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.

ზოიძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ კოხრეიძე მას და სხვა ჟურნალისტებს გუშინ ღამით შეხვდა.

„თუ არ ჩამოშორდები, მაშინ შენს პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით გასაჯაროვდება ფაქტებიო. რა თქმა უნდა, ჰკითხეს ჟურნალისტებმა თუ რას გულისხმობდა. იქ აღარ დაუკონკრეტებია, რა ფაქტზეა საუბარი, მაგრამ პირისპირ შეხვედრის დროს [რომელიც ჩვენს შორის ამ შეხვედრამდე გაიმართა] მითხრა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული მაქვს ჩადენილი“.

„როცა ვკითხე, თუ რა დანაშაულზეა საუბარი, ერთი ფაქტზე მიმითითა: არჩევიდან მეორე დღეს მაუწყებლის მრჩეველის – ბეჟან გობაძის მიერ გამოგზავნილი წერილი ახსენა. მრჩევლად ყოფნის პერიოდში ბეჟან გობაძემ მოითხოვა საკმაოდ მოცულობით ვიდეო არქივი, რომელიც ეთერში იყო გასული. მართალია, მრჩეველს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, მაგრამ მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია იმდენად მოცულობითი იყო, რომ მე მას ვთხოვე დაეწერა ოფიციალური წერილი და ამ წერილის შემდეგ გავცემდით ვიდეო მასალებს.

იცით ქვეყანაში რა პროცესები მიდის, ამიტომაც ვერ მოხერხდა ამდენი ხნის განმავლობაში მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, ბუღალტერიაშიც კი არ გადაგვიგზავნია ქრონომეტრაჟი, რომ გადაეხადა დაწესებული მოსაკრებელია. შესაბამისად, ვერ გავეცით მასალა. აი, ამაზე მითხრა, რომ ეს არის სისხლის  სამართლის დანაშაული. მე მას ავუხსენი, რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია, ნებისმიერ ადამიანს აქვს ამის მოთხოვნის უფლება და ერთადერთი პროცედურა, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია, არის ის, რომ დავაგვიანეთ ინფორმაციის შეგროვება და გაცემა“,-განაცხადა ნათია ზოიძემ „ბათუმელებთან“.

გასულ კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ტელევიზია დატოვეს მედიამენეჯერმა მარინა ვაშაყმაძემ და კონსულტატმა ზვიად ქორიძემ.