ექიმი ვახტანგ ყიფიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პუბლიკა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექიმი ვახტანგ ყიფიანი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მასთან ერთად დაკავებული მაგდა ხოჭოლავა კი ისევ პატიმრობაში რჩება.

ვახტანგ ყიფიანის ადვოკატის განცხადებით,  პროკურატურაც დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ. მისივე ინფორმაციით, საქმე არსებით განხილვაში გადაეცემა და იმედს გამოთქვამს, რომ ვახტანგ ყიფიანისა და გიორგი ლობჟანიძის უდანაშაულობა დამტკიცდება.

„ჩვენს მოთხოვნებში შედის, რომ სრულყოფილი მკურნალობა ჩაუტარდეს ნათია ცირეკიძეს, მათ შორის, საზღვარგარეთ მკურნალობასაც ეხება. სხვა ანგარება არ გაგვაჩნია, ბავშვს მიექცეს მხოლოდ და მხოლოდ ყურადღება“, – განაცხადა დაზარალებული პაციენტის, ნათია ცირეკიძის ადვოკატმა.

საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, კლინიკა იღებს ვალდებულებას, რომ სათანადო მკურნალობას გაუწევს პაციენტს და ანაზღაურდა სრულად ოჯახის მატერიალური ხარჯი. კლინიკის მიერ აღებული ეს პასუხისმგებლობა გახდა დაცვის მხარის შუამდგომლობის გათვალისწინების საფუძველი.


პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა – შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს“ მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია.

პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.