შსს აცხადებს, რომ ბოლნისში მოსახლეობამ პოლიციას ენმ-ის წევრის დაკავების საშუალება არ მისცა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ პოლიცია ბოლნისში, სოფელ ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის დასაკავებლად მივიდა, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ და აქტივისტის ოჯახის წევრებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

შსს აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა 27 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე იძალადა და მისი დაკავებაც ძალადობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უნდა მომხდარიყო. გთავაზობთ შსს-ს განცხადებას სრულად:

„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის მიერ გაცემული დაკავების განჩინების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის – 1986 წელს დაბადებული ა.ი.-ს საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ.

მოსამართლის განჩინებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ა.ი.-ს მიერ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების – გ.ა.-სა და ი.ა.-ს მიმართ განხორცილებული ძალადობა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს”, – წერს შსს.

რა მოხდა ნახიდურში

27 სექტემბერს სოფელ ნახიდურში პარტია „ქართული ოცნებისა” და „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” აქტივისტებს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის 1 1-ლი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობა) გამოძიება დაიწყო.

კონფლიქტის დაწყებისა და მიზეზების შესახებ ორივე პარტია ერთმანეთს ადანაშაულებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის, გოგა მეშველიანის განმარტებით, მათ აქტივისტებს ოპოზიციის აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რასაც შემდგომში კონფლიქტის გამწვავება მოჰყვა. ამის საპირისპიროდ, „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ადგილობრივ წარმომადგენელს, არიფ უსუფოვს თავს „ქართული ოცნების” აქტივისტები ორგანიზებულად დაესხნენ, რასაც იუსუფოვის თანასოფლელების პროტესტი მოჰყვა.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა EMC-იმ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ:

„ჩვენ მიერ გამოკითხული ადგილობრივი თემის წევრები განმარტავენ, რომ 27 სექტემბერს „ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის გოგა მიშველიანის ძმასთან ერთად, 30-ზე მეტი ხელკეტებიანი პირი მივიდა ადგილობრივ ჩაიხანაში და გარკვეული შელაპარაკების შემდეგ, მათ ძალადობას მიმართეს, დააზიანეს ჩაიხანის ინფრასტრუქტურა და ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ გაისროლეს. რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. მათი განმარტებით, ჩაიხანა, სადაც ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა, წარმოადგენს სივრცეს სოფლის მოსახლეობისთვის და ის არ არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების შეკრების ადგილი. ჩაიხანაში თავს იყრიან როგორც ოპოზიციური პარტიის, ასევე „ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ის მოსახლეობაც, რომელიც არცერთი პარტიის მხარდამჭერად არ მოიაზრებს თავს. შესაბამისად, დაპირისპირების შედეგად ასევე დაშავდნენ სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც პარტიულ საქმიანობაში არ არიან ჩართულნი და თავს არ მოიაზრებენ რომელიმე პარტიის მხარდამჭერებად”, – წერს EMC.