აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, განჯა კიდევ ერთხელ დაბომბეს – რა ვითარებაა ყარაბაღში ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ

პუბლიკა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით სომხეთმა კიდევ ერთხელ მიიტანა სარაკეტო იერიში აზერბაიჯანზე. ყარაბაღთან ახლოს მდებარე დასახლებებთან ერთად დაიბომბა ქალაქი განჯაც.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, აზერბაიჯანულ დასახლებებზე, მათ შორის, განჯაზე სარაკეტო იერიში 4 ოქტომბერსაც მიიტანეს. განჯის დაბომბვისას დაიღუპა ერთი მოქალაქე, 30-ზე მეტი კი დაშავდა. აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალაც, რომელზეც დანგრეული შენობები ჩანს. ბაქოს მტკიცებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „სმერჩის“ რამდენიმე რაკეტა მინგეჩაურის დასახლებაში ჰიდროელექტროსადგურთანაც ჩამოვარდა. გავრცელდა ფოტოებიც, რომელზეც, ბაქოს მტკიცებით, ელექტროსადგურთან  ჩანს ორი ჩამოვარდნილი რაკეტა, რომლებიც არ აფეთქდა.

ჯერჯერობით, დღევანდელ იერიშზე ინფორმაციას არ ავრცელებს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება. რაც შეეხება აზერბაიჯანული დასახლებების გუშინდელ დაბომბვას, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მათ იერიში მიიტანეს აზერბაიჯანის სიღრმეში მდებარე სამხედრო ობიექტებზე და არა დასახლებულ პუნქტებზე. დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის, მინგეჩაურზე თავდასხმას უარყოფს სომხეთის ხელისუფლებაც.

თავის მხრივ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ გუშინ აზერბაიჯანმა დაბომბა მათი დედაქალაქი ხანქენდი/სტეფანაკერტი. ინტერნეტში გავრცელა ვიდეოკადრებიც, რომელზეც, სომხური მედიის ინფორმაციით, ქალაქის დაბომბვა ჩანს.

ერთკვირიანი დაპირისპირების შემდეგ აზერბაიჯანმა, როგორც ჩანს, პირველად სომხური პოზიციების მნიშვნელოვანი გარღვევაც შეძლო. აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით, შაბათ-კვირას მათ უკან დაახევინეს მოწინააღმდეგეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები დაიკავეს.

მათ შორისაა ჯაბრაილის დასახლება, რომელშიც ყარაბაღის პირველ კონფლიქტამდე რამდენიმე ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა, დღესდღეობით კი მიტოვებულია. ჯაბრაილი, რამდენიმე სოფელთან ერთად, აზერბაიჯანელებმა ფრონტის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გარღვევის შემდეგ აიღეს. დასახლება რეგიონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

აზერბაიჯანელებმა ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ შედარებით მცირე ტერიტორიები დაიკავეს აღმოსავლეთის მიმართულებიდან, სადაც ქალაქ ფიზულს მიუახლოვდნენ.

აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს წინსვლა აქვთ ჩრდილოეთის ფრონტზეც. ბაქო ამტკიცებს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთით ფრონტის ხაზთან მდებარე თალიში და რეგიონის შედარებით სიღრმეში მდებარე მადაგიზის დასახლება აიღეს.

ერევანსა და ხანქენდში/სტეფანაკერტში არ ადასტურებენ აზერბაიჯანელთა წინსვლას, თუმცა, არც იმის დამადასტურებელი მასალები ჩანს, რომ ამ დასახლებებს ისევ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა აკონტროლებს. სანაცვლოდ კი აზერბაიჯანელებმა გაავრცელეს რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მათ მიერ აღებულ დასახლებებში სომხურ დროშებს აზერბაიჯანულით ანაცვლებენ.

აზერბაიჯანულ და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პოზიციებს შორის ორმხრივი სროლა პირველად 27 სექტემბერს დილით დაიწყო. დაპირისპირების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

ამ დრომდე დაუდგენელია მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მათ მხარეს 230-მდე სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანში თავიანთი სამხედროების მსხვერპლზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. სომხეთისა და ყარაბაღის ოფიციალური პირები კი ამტკიცებენ, რომ სამხედრო მოქმედებებისას რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ერევნის ცნობით, კონფლიქტის განახლების შემდეგ სომხეთსა და ყარაბაღის რეგიონში დაიღუპა 18 სამოქალაქო პირი. ხოლო ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანული დასახლებების დაბომბვას გასული კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის 24 მოქალაქე შეეწირა.