ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებულ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ის „კიდევ ერთხელ ავრცელებს არასწორ ფაქტებს და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობს“.
მათი თქმით, ადვოკატი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ლუკა სირაძის თვითმკვლელობა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებამ გამოიწვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„მარიანა ჩოლოიანს პროკურატურა ამ ეტაპზე ჩვენების მიცემის იძულებას ედავება, შესაბამისად, ამ დროისათვის სასამართლოში არ განიხილება ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი. ამდენად, სასამართლო არ იკვლევს, ლუკა სირაძის გარდაცვალების მიზეზებს. ამის მიუხედავად, სხვადასხვა მედია საშუალებებში მარიანა ჩოლოიანის დაცვის მხარის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლუკა სირაძე გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, რაც მათივე განმარტებით, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის მასალებითა და ექსპერტიზის დასკვნით. ასევე, არასწორად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძე როგორც დედის, ასევე ძმის მხრიდან იყო აგრესიის მსხვერპლი.
გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებული ფაქტები არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ორი დასკვნა. დასკვნების თანახმად, გარდაცვალების დღეს ლუკას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არსებულ სისხლში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მეორე ექსპერტიზის ფარგლებში ლუკას სისხლის ნიმუშის აღება მოხდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სისხლში აღმოჩნდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ფსიქოტროპული ნივთიერებები დიაზეპამი და ნორდაზეპამი, რომლებიც მას სამედიცინო დანიშნულებით გაუკეთდა კლინიკაში მიყვანის შემდგომ. სასამართლო სხდომაზე აღნიშნული პრეპარატების სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენება სასამართლოს სპეციალური ცოდნის მქონე პირმაც მისცა. ექსპერტიზის დასკვნით ასევე უარყოფითია პასუხი ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით“, – წერს საია.
საია მოუწოდებს გაგი მოსიაშვილს, შეწყვიტოს მცდარი ფაქტების გავრცელება და იმოქმედოს კანონისა და ადვოკატის ეთიკის ნორმების შესაბამისად.
დღეს პრესკონფერენციაზე მოსიაშვილმა განაცხადა, რომ სირაძეს თავი არ მოუკლავს, „ის იმ პერიოდში იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და არ არის გამორიცხული, რომ გადმოვარდნილიყო“.
15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში ედებოდა, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის იძულებას.
არასრულწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.
15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.