ჩხრეკა კომპანიებში – პროკურატურა აცხადებს, რომ საქმე ეხება თანხის შესაძლო გათეთრებას

პუბლიკა

კახეთის გზატკეცილზე ერთ-ერთ კომპანიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ობიექტზე ჩხრეკა სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში წარმოებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარეობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება.

„საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხის შესაძლო გათეთრებას. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობების, ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანბის მოძიება-ამოღების მიზნით, 2020 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე რამდენიმე ობიექტში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკა, რომლის დროსაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციასთან ერთად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების თქმით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით ჩართეს.

კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, პროკურატურაის  დაინტერესება ამ კომპანიით პოლიტიკური ნიშნით მოხდ, ვინაიდან არ არიან „ქართული ოცნების” შემწირველები.

„პროკურატურა ფინანსურ სპეცრაზმთან ერთად შემოვარდა დილის 9 საათზე. იზოლაციაში ჰყავთ მთელი კომპანია. იღებენ დოკუმენტაციას, რომელსაც არ სჭირდებოდა ამხელა კლოუნადა და ისედაც რომ მოემართათ, არავინ არ დაუმალავდა და ისედაც მიაწოდებდა. ეს არის პირდაპირი ყაჩაღობა, პირდაპირ იმ კომპანიებში და იმ ბიზნესზე ზეწოლა, რომლებიც მხარს არ უჭერენ „ქართულ ოცნებას“. როდესაც ავალდებულებენ საქართველოში ყველა ბიზნესს, რომ შეწირულობა გაუკეთოს „ქართულ ოცნებას“ ან შავი ფული მისცეს, ასეთ შემთხვევაში ამ ბიზნესიდან ვერ მიიღეს ეს და, აქედან გამომდინარე, დგამენ მასკიშოუებს“, – ამბობს ტელეკომპანია „ფორმულასთან” კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.