ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტს პარლამენტში ხვალ დაარეგისტრირებს

პუბლიკა

ოპოზიცია ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით მოდიფიცირებული კანონპროექტის შესახებ დღეს ერთობლივი განცხადებით გამოვიდა. გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მზად არის, ხვალ პარლამენტში ოპოზიციის საპარლამენტო წარმომადგენლების დახმარებით დაარეგისტრიროს ეს კანონპროექტი, რომელსაც შემდეგ გადაუგზავნის სახალხო დამცველს, სახალხო დამცველი კი, თავის მხრივ, შეფასებისთვის  ეუთო/ოდირს გადაუგზავნის აღნიშნულ კანონპროექტს. გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მზად არის, ეუთო/ოდირის ნებისმიერი რჩევა გაითვალისწინოს.

„შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მაქსიმალურად გამოხატავს პროპორციული არჩევნების მისწრაფებებს. სამწუხაროდ, ამ ჩიხში შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ და დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების დრო აღარ დარჩა. ჩიხიდან გამოსავალი ეს კანონპროექტია. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანები, დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით სახალხო დამცველს, რომელსაც მივმართვთ თხოვნით, რომ მხოლოდ მისი მექანიზმით მივმართავთ ეუთო ოდირს. მზად ვართ, ხვალ კანონპროექტი პარლამენტში დავარეგისტრიროთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, ოპოზიცია მზად არის, გაითვალისწინოს შენიშვნები ეუთო/ოდირის მხრიდან.

ეუთო/ოდირისთვის კანონპროექტის გაგზავნის შესახებ დღეს სახალხო დამცველმაც განაცხადა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს აქტიური კონსულტაციები ეუთო/ოდირთან. პირადად შევხვდი მის პრეზიდენტს. ასევე, ვესაუბრე შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს. ისინი ინფორმირებულნი არიან, რომ სახალხო დამცველი აპირებს აღნიშნული კანონპროექტის გაგზავნას, თუმცა ამას აქვს გარკვეული პროცედურული წინაპირობები, უპირველეს ყოვლისა, ეუთო/ოდირი მოითხოვს, რომ კანონპროექტი იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, ანუ მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე და შემდეგ უკვე სახალხო დამცველი – მე მივმართავ ეუთო/ოდირს მოსაზრების წარმოსადგენად იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდება და რომელიც დარეგისტრირდება პარლამენტში”,  – განაცხადა ლომჯარიამ.