უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლოდან არსებულ საჰაერო რეისებს ფრენები დაემატება.
„დღეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან, უწევთ კარანტინში 12 დღე ყოფნა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება – ეტაპობრივად, ნოემბრიდან საჰაერო მიმოსვლა აღდგება, ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად, პირველი ნაბიჯი იქნება ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება.
ეს გახლავთ პარიზისa და მიუნხენის მიმართულებით. რაც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს დამატებით საშუალებას გადაადგილების, ასევე ეკონიმიკას მისცემს უფრო ჟანგბადს, გარდა ამისა, მოგვეხმარება ქვეყანაში დამკვირვებლების მარტივად შემოყვანაში.
ნოემბერში უკვე პირდაპირი რეისები გაიხსნება თბილისიდან და ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ მივცეთ ჩვენს მოქალქეებს შესაძლებლობა, ეკონომიკური აქტივობით სულ უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება“, – განაცხადა პრემიერმა.
გახარიას თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დაბრუნების შემდეგ PCR-ტესტის პასუხს წარადგენენ, აღარ მოუწევთ სავალდებულო კარანტინი და ისინი 12 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებენ. ვისაც ტესტის პასუხი არ ექნება, მას კვლავ კარანტინში მოუწევს 12 დღის გატარება.