არ გვგონია, რომ დიდ დანაკარგებთან შეიძლება გვქონდეს საქმე - მეზვრიშვილი რესტორნებზე

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თბილისსა და იმერეთში რესტორნების მუშაობის შეზღუდვებზე ისაუბრა.

„ჩვენ რასაც ვამბობდით წლის დასაწყისში, არაფერი განსხვავებული არ ხდება იმისგან. ხდება ის, რასაც ჯერ კიდევ მარტში და აპრილში საგანგებო მდგომარეობის დროს ვამბობდით. ახლა, დღეს რა რეჟიმში ვიმყოფებით: დღეს ვამბობთ, რომ ეკონომიკა ფიზიკურად მკაცრ შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს. ამიტომ, ჩვენ ამ წესებს არ ვაწესებთ. თუმცა, ვაწესებთ წერტილოვან, ლოკალურ შეზღუდვებს იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობამ სწორედ ინფიცირებულთა დღევანდელი შემთხვევების რიცხვით იხელმძღვანელა. მისივე თქმით, 919 შემთხვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და იმერეთში დაფიქსირდა და ამიტომ, მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, რის გამოც ლოკალური შეზღუდვები დაწესდა.

„ლოგიკა აქ საკმაოდ მარტივია: გვესმის, რომ ეს შეიძლება ტვირთად დააწვეთ ამ ადამიანებს, თუმცა აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ საქმე ეხება ღამის საათებში, 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობის შეჩერებას. ამიტომ, აქ არ გვგონია, რომ დიდ დანაკარგებთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ლოგიკა არის ძალიან მარტივი, მივადექით იმ ადგილებს, საიდანაც გავრცელება არის”, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.


დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რთული ეპიდსიტუაციიდან გამოსავალი არის შეზღუდვები. მისი თქმით, ხვალიდან თბილისში და იმერეთში შეიზღუდება რესტორნების მუშაობა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22 საათიდან. ეს მოგვცემს საშუალებას ვირუსის გავრცელების შევანელოთ“, – განაცხადა გახარიამ.

დღეს, 15 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა – 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 4 ადამიანი.