მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით ინფიცირების გაზრდილი რაოდენობა პირდაპირ არის დაკავშირებული წესების დარღვევასთან – “თითოეული გაუკეთებელი პირბადე, დაუცველი დისტანცია ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.” – ამბობს ის.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმაზე უკეთ არის მომზადებული, ვიდრე ეს იყო გუშინ, ამის მიუხედავად, ეს რესურსები ამოუწურავი არ არის.
ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა არის თითოეულ მოქალაქეზე. ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვქონდა დარღვევის არაერთი შემთხვევა, გვქონდა შემთხვევები, როდესაც ცალკეული, კერძო ობიექტები, სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დადგენილ რეგულაციებს, რაც გულისხმობს, მაგალითად 22:00 საათის შემდგომ რესტორნების და კაფე ბარების მუშაობის შეჩერებას, ამ პერიოდში მუშაობას განაგრძობდნენ სხვადასხვა კონტექსტით და სხვადასხვა მიზნებით, რაზეც შრომის ინსპექციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა რეაგირება.
ამ ნაწილში, სახელმწიფო იქნება საკმაოდ მკაცრი. თუ ვინმეს წარმოდგენა აქვს ისეთი, რომ ასეთი ქმედებებით სახელმწიფოს უდგას ჯიბრში, ეს ადამიანები ჯიბრში უდგანან საკუთარ მოქალაქეებს და ეთამაშებიან მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, რაზეც ბუნებრივია, სახელმწიფოს ექნება რეაქცია“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.