საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნოემბრიდან რეგულარული ფრენები ეტაპობრივად განახლდება, არსებულ მიმართულებებს კი დაემატება რეისები.
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ფრენა განახლდება, ძირითადად, ევროპის მიმართულებით. მისი თქმით, ავიაკომპანიებს შესთავაზეს, მიუნხენის, პარიზის, რიგის მიმართულებით გაზარდონ ფრენის სიხშირე;
თურნავას თქმით, ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტუმნდის, კატოვიცეს, მილანის მიმართულებებზე ავიაკომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, დაიწყონ რეგულარული ფრენები.
„რამდენჯერ იფრენენ კვირაში, რა სიხშირით, როდიდან განაახლებენ – ეს არის დიდად დამოკიდებული თვითონ ავიაკომპანიების კომერციულ მდგომარეობაზე, იმიტომ, რომ ბევრ ავიაკომპანიას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, გაუჭირდათ; აქედან გამომდინარე, ისინი თვითონაც თვლიან როდიდან და რა სიხშირით დაიწყებენ ფრენას და ასევე არის დამოკიდებული ჩვენს მიდგომებზე, იმიტომ, რომ გადაწყვეტილი გვაქვს ეტაპობრივი გახსნა.
მთელ მსოფლიოში, ევროპაშიც და საქართველოშიც მეორე ტალღა არის და იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, აქედან გამომდინარე რისკი უნდა იყოს დაბალანსებული. მეორე მხრივ, ჩვენი არჩევანი არის ადაპტაცია, ჩვენი არჩევანი არის, რომ იმდაგვარად ვებრძოლოთ პანდემიას, რომ არ შევზღუდოთ ბიზნესი და ამ ლოგიკაში აბსოლუტურად ორგანულად ჯდება ფრენების და მობილობის ეტაპობრივი გახსნა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვიზიტორებისთვის, ბიზნესვიზიტორებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია ტურნავას განმარტებით, ფრენები იქნება ნამდვილად რეგულარული და არა ჩარტერული, რომელიც ამ დრომდე მთავრობასთან შეთანმხებით ხორციელდებოდა. მისი თქმით, რეგულარული ფრენების გრაფიკი თვის დასაწყისში შეთანხმდება და შემდეგ უკვე ავიაკომპანიაზე იქნება დამოკიდებული როდის და რამდენ რეისს შეასრულებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა და ავიაკომპანიები შეჯერებულები არიან ფრენის სიხშირეზე.
„ეს არის საშუალოდ ჩვენ მიერ დაანონსებული 28-30-მდე სიხშირე კვირაში. ახლა ყველა ამ სიხშირეს გამოიყენებს თუ არა ავიაკომპანია, ეს არის შიდა ვითარებასა და ეკონიმიკაზე დამოკიდებული, ეს მათი უფლებაა. რამდენად გამოიყენებენ [ამ უფლებას] მათ მდგომარეობაზე და მგზავრთა ნაკადზე და მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.
Wizz Air აქტიურად გეგმავს ქუთაისიდან დამატებული ფრენების ათვისებას, ეს არის – ვილნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე… ისევ და ისევ, როდესაც პოლონეთზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დამხვედრ ქვეყანასაც თავისი შეზღუდვები აქვს.
Ryanair-ის მოთხოვნის საფუძველზე დავუშვით თბილისი-მილანი, რომელიც კოვიდამდე იყო შეთანხმებული და კოვიდის დროსაც მოგვმართეს. ბოლო ინფორმაციით, მათ გლობალურად აქვთ გადაწყვეტილი, 70%-მდე შეამცირონ ფრენები. გაგვიხარდება, თუკი ისინი მალე აითვისებენ ამ მიმართულებას, მაგრამ როდიდან დაიწყებენ, ამას კომპანია გადაწყვეტს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, პრაქტიკულად ხვალიდან მიეცემათ შესაძლებლობა, სავალდებულო კარანტინში აღარ გადავიდნენ ფრენის შემდეგ, რადგან PCR-ტესტის წარდგენა შეუძლიათ.
სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში კი ეს პროცედურა „ორმხრივ რეჟიმში განისაზღვრება“.