ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი საქართველოში პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნას უჭერს მხარს.
„მხარს ვუჭერ საქართველოში პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნას თავისი ქვეყნის უფრო დემოკრატიული, წარმატებული და პროდასავლური მომავლისთვის. „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, მოძებნოს გამოსავალი ამ პოლიტიკური ჩიხიდან და გაატაროს საარჩევნო სისტემის რეფორმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფართო ინტერესისთვის“, – წერს ALDE-ს პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი Twitter-ზე.
ALDE ევროპაში „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ პარტნიორია. აქამდე, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პარტნიორია და „ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმა“ (S&D), რომელიც „ქართული ოცნების“ პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფია.