„ეს იყო საშინელი სიკვდილი" - დაღუპული მუშის ამბავი

ნათია ამირანაშვილი

2016 წელს გარდაბანში „თბილსრესის“ საწარმოში ორი მუშა დაიღუპა. მათგან ერთ-ერთი იყო ვერონიკა აბრამკოვას მამა მიხეილ აბრამკოვი.

მუშები მაზუთის ამოტუმბვისთვის სამუშაოებს ასრულებდნენ, როდესაც მაზუთის ჭაში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ. როგორც ვერონიკა ამბობს „პუბლიკასთან“, ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული რომ ყოფილიყო, მსგავსი შემთხვევა არ მოხდებოდა.

ვერონიკას თქმით, ამ 4 წლის განმავლობაში მიმართა ძალიან ბევრ სახელმწიფო უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას. წერილი დაწერა პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახელზეც – საქმის გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ საქმეზე რეაგირებას ვერსად ვერ მიაღწია.

ოჯახის ერთადერთი მარჩენლის დაღუპვას თან ერთვის ისიც, რომ დედას მეორე სტადიის სიმსივნე აქვს. ოჯახი მოითხოვს, კომპანიამ აიღოს პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს მისი მკურნალობის ხარჯი.

„ამ 4 წლის შემდეგ ჩემთვის ცხადია, რომ არავინ დაისჯება, ჩემი დიდი მწუხარების მიუხედავად. რამდენიც არ უნდა ვეცადო, რამდენიც არ უნდა ვიწვალო, მივხვდი, რომ არაფრის მიღწევა არ შემიძლია, მაგრამ, დედაჩემისთვის ის მაინც მინდა, რომ უზუნველყოფილი იყოს. რასაც მამაჩემი აკეთებდა დედაჩემისთვის, ეს რომ იყოს. მამაჩემი რომ ცოცხალი იყოს, დედაჩემს არაფერი არ მოაკლდებოდა. აი, რა მინდა.  მე ამას მოვითხოვ. მიმაჩნია, რომ ისინი ვალდებულნი არიან, ეს გააკეთონ“, – ამბობს ვერონიკა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურას, საქმის მიმდინარეობის შესახებ. უწყებაში განაცხადეს მხოლოდ ის, რომ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. მუხლსა და სხვა დეტალებზე უწყება არ საუბრობს.

კომპანია „თბილსრესი“ აცხადებს, რომ „უბედური შემთხვევა“ დამსაქმებლის ბრალეულობით არ მომხდარა. მათი თქმით, ბრიგადის წევრებმა უსაფრთხოების ტექნიკის წესების უხეში დარღვევით მიიღეს თვითნებური გადაწყეტილება.

კომპანია აცხადებს იმას, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული არ ყოფილა და დასაქმებული მუშაკები აღჭურვილნი იყვნენ სპეც.ტანსაცმლით, შესაბამისი ინსტრუქტაჟით და ა.შ.

„თბილსრესში“ ამბობენ, რომ „უბედური შემთხვევის“ მიზეზი კი  იყო ის, რომ გარდაცვლილი მიხეილ აბრამკოვი არ დაელოდა სამუშაო ადგილის მომზადებას და სამუშაოთა წარმოებაზე ნებართვის გამცემი პირების ადგილზე მისვლას.

რაც შეეხება ოჯახის მოთხოვნას კომპენსაციაზე, კომპანია აცხადებს, რომ ვერ აიღებენ დამატებით ფინანსურ პასუხსმგებლობას დაღუპული დასაქმებულის ოჯახზე, რადგან დამსაქმებლის ბრალით არ მომხდარა აღნიშნული უბედური შემთხვევა.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლის ბრალეულობით არ მომხდარა უბედური შემთხვევა, კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება და გაუწია მატერიალური დახმარება გარდაცვლილის ოჯახს, რომელთაც მიიღეს 10 000 ლარი.


სტატია მომზადებულია პროექტის – „შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვა და დაზარალებულთა მხარდაჭერა“ – ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT).

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) შეხედულებებს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.