ეკონომიკის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა, განათლების მინისტრი კი თვითიზოლაციაშია

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

„ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს“, – ამბობენ სამინისტროში.

კორონავირუსი დაუდასტურდა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილს.

დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. მინისტრის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გარდაიცვალა.