თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში ბრიფინგი გამართა, სადაც არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ.
„პანდემია საერთო გამოწვევაა ყველასთვის – ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, ხალხისთვის, ექიმებისთვის. პანდემია არის საფრთხე, რომელიც განურჩევლად სქესისა, ასაკისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას გვემუქრება. ამიტომ, პანდემიის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, სხვაგვარად ამ უხილავ და ვერაგ მტერს ვერ დავამარცხებთ.
თქვენ იცით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დაიხურა მუნიციპალური საბავშვო ბაღები და სახელოვნებო სასწავლებლები, პარალელურად, თბილისის მერია განაგრძობს საჯარო ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესს, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა და ბავშვები უზრუნველყოფილები იქნებიან საკვები რაციონით. ამასთან, განსაკუთრებული ზომებია მიღებული თბილისის ხალხმრავალი მეტროსადგურების ჩასასვლელებში.
ამ რთულ კონტექსტში, მინდა, მივმართო თბილისელებს, ჩვენს მოსახლეობას, ვაჩვენოთ სოლიდარობის ის ძალა, რაც ამ ქალაქს ყოველთვის გამოარჩევს. დღეს სოლიდარობა გვჭირდება საკუთარი და სხვისი სიცოცხლის მოსაფრთხილებლად, ერთმანეთის ჯანმრთელობის დასაცავად.
გარდაუვლად და აუცილებლად უნდა დავიცვათ სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია, ვატაროთ პირბადეები, დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები.
განსაკუთრებით კი მინდა მივმართო ასაკოვან ადამიანებს, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს – გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სახლიდან გამოსვლისგან. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ამით გავუფრთხილდებით ერთმანეთსაც, “- განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, გარდაიცვალა 22 ადამიანი.
დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა;
- აჭარაში – 503;
- იმერეთში – 526;
- ქვემო ქართლში – 207;
- შიდა ქართლში – 177;
- გურიაში – 89;
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117;
- კახეთში – 36;
- მცხეთა-მთიანეთში – 43;
- სამცხე-ჯავახეთში – 25;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525.