ექიმებს თავი დავანებოთ, პოლიტიკაში ნუ ვრთავთ ექიმებს – გამყრელიძე

პუბლიკა

„ჩვენ ვართ პანდემიის პერიოდში – ასეთი დიდი თავშეყრები და შემდგომ უკვე უმართავი, დაუცველი პროცესები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ქვეყანაში და ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის შემდეგ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე, რითაც გამოეხმაურა 8 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციას.

გამყრელიძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას,  თუ რა პოზიცია უნდა ჰქონდეთ ექიმებს გუშინ ცესკოსთან აქციაზე პანდემიის პირობებში წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით:

„ჩვენ ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები. ჩვენ ექიმები დღეს ვართ ჩართული ყველაზე უფრო წინა ხაზზე ბრძოლაში უზარმაზარ გამოწვევასთან, რომელიც ხდება საუკუნეში ერთხელ. მე ტყუილად არ გისახელებთ ამ რიცხვებს, 1 200 000-მდე ადამიანია მსოფლიოში გარდაცვლილი; საქართველოში თითქმის 500 ადამიანია გარდაცვლილი კოვიდის გამო; პანდემია არ ჩერდება; ექიმებს თავი დავანებოთ; პოლიტიკაში ნუ ვრთავთ ექიმებს; ექიმებს თავანთი საქმე აქვს; ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.

ყევლამ ვიცით, მე ხომ არ ვმალავ, როცა მეკითხებით – ეს შეკრებები როგორ მოქმედებს პანდემიაზე, ცუდად მოქმედებს; პოლიტიკური პროცესი, პირდაპირ გეტყვით, ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს ქვეყანაში, რადგან პარლამენტის არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ვითარებას მომავალი 4-5 წლის განმავლობაში, როგორი პარლამენტი იქნება… მაგრამ მეორე მხრივ, დავანებოთ რა ექიმებს თავი და ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.