„გლობალურად, მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება. როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად სწორად შეფასებული“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე.
გიორგი გახარიას თქმით, ევროპაში „ლოკდაუნების“ რაოდენობა სულ უფრო იზრდება, ისევე, როგორც ინფიცირებულების და გამართული ეკონომიკისა და ძლიერი ჯანდაცვის სისტემის ქვეყნებს უჭირთ ინფიცირების მსგავსი მასობრივი განვითარების გამკლავება.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სტრატეგიაა ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების და ამ სტრატეგიას მივყვებით, ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ყველაფერს, მაგრამ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, ამოუწურავი არ არის. ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურება და სერვისები, პირველ რიგში, მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე უფრო სჭირდებათ – ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკულად დაავადებულებს, იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტიანი ოპერირება შეძლოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კლინიკური მართვის ახალი პრინციპების შესაბამისად, ბინაზე მართვა, კოვიდსასტუმროებში მართვა, საავადმყოფოებში მართვა – ეს ის ერთადერთი გამოსავალია, რომლითაც ჩვენ, მოქალაქეები, ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას. მივმართოთ ძირითადი ყურადღება სწორედ იმ ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ 24-საათიანი მეთვალყურეობა“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.