Ncdc-ის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, სკოლებსა და ბაღებში სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოებაში ადამიანთა თავშეყრის ადგილების შემცირებაა. მისივე თქმით, მიზეზი არის ისიც, რომ ხშირად სკოლის მოსწავლეთა მოვლაზე საქართველოში ბებია-ბაბუები ზრუნავენ ეს ღონისძიება ინფიცირების რისკს ამცირებს.
„ესეც გარკვეულად იმ ქმედების ნაწილია, რომელიც დისტანცირებას უწყობს ხელს. სასიხარულოდ ყველა ქვეყანა განსხვავდება თავისი ცხოვრების ნირით. საბავშვო ბაღებისა და სკოლების მოსწავლეების თავშეყრის წესებითა და ბავშვების ძირითადი მომვლელების სტატუსის გათვალისწინებით, რომლებიც უმთავრეს შემთხვევაში ბებია-ბაბუები არიან. ისეთი ადამიანები, რომლებიც დაჰყვებიან ამ ბავშვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. უსხედან ბავშვებს სამეცადინო მაგიდებთან. სკოლებისა და ბაღების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა ერთ-ერთი საშუალებაა, გაიზარდოს დისტანცირება საზოგადოებაში და შემცირდეს ადამიანთა თავშეყრა. სწორედ ამით არის განპირობებული ამჟამად ეს ქმედებები.
თუმცა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ სწავლა და ნორმალურ რეჟიმში სააღმზრდელო პროცესების აღდგენა მნიშვნელოვანია ქვეყნისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის; ასე დიდხანს გაგრძელება, ალბათ, შეუძლებელია და სწორედ როდესაც დაგვიდგება საპირწონედ რა ჯობია, სამასპინძლო დაწესებულებები და რესტორნები გახსნილი იყოს 10 საათამდე, თუ ბავშვები, რომლებიც დადიან სკოლაში? მოდით, მაშინ შევადაროთ სარგებელი და შევაფასოთ, რა გვირჩევნია გვქონდეს – გახსნილი რესტორნები და დაკეტილი სკოლები, თუ გახსნილი სკოლები და ადრე დახურული რესტორნები.“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.