სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას - გაბუნია კორონავირუსით 12 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

პუბლიკა

ბათუმში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დაადასტურა „რუსთავი 2-ის“ ეთერში. გაბუნიას ჟურნალისტმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია 12 წლის მოზარდზე, რომელსაც, ჟურნალისტის თქმით თანხმლები დაავადებები ჰქონდა და კორონავირუსისგან გარდაიცვალა.  თამარ გაბუნიამ დამატებით დეტალებზე პირდაპირ ეთერში არ ისაუბრა და განაცხადა რომ ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის შემთხვევას.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს,”-განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას გაბუნამ ასევე განაცხადა, რომ ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როცა მოზარდი გადაჰყავდათ სხვა კლინიკაში – მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, კლინიკამ ჩათვალა საჭიროდ გადამისამართება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა  30 ადამიანი, მათ შორის,  თბილისში –  15,  აჭარაში – 5, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა.