შეზღუდვები, რაც მოქმედებს, საკმარისი აღარაა. ყველა ვთანხმდებით, რომ უნდა გაფართოვდეს - იმნაძე

პუბლიკა

წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, ქვეყანაში ე.წ. „ლოქდაუნის“ გამოცხადება არ იგეგმება. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, თავიდანვე იყო პროგნოზი, რომ ყველა იმ აქტივობას, რაც იყო ქვეყანაში, მოჰყვებოდა შემთხვევების ასეთი მატება.

რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა ის ინტელექტუალური რესურსი, რაც ქვეყანაშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების თვალსაზრისით, მათ შორის, ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი კოლეგები.

ყველა ერთმანეთთან შეთანხმებულნი ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც არის ქვეყანაში, საკმარისი აღარ არის ამ სიტუაციაში უკვე, საჭიროა, ასე ვთქვათ, მეტი წერტილოვანი შეზღუდვა ქვეყანაში. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ახლა, რომ ქვეყანაში „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგით გამოვიდეთ ამ ომიდან”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და Covid-19-ის მართვის პროცესში არსებულ გამოწვევები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.