დღეს, ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ და მხატვრული ტანვარჯიშის კლუბის „პირველები“ ორგანიზებით მოეწყო გარბენა, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას მიეძღვნა.
ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებაში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. გარბენა ჩატარდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში.
გარბენა 3 კილომეტრიან მანძილს მოიცავდა ლისის ტბის ირგვლივ. პირველი ოთხი გამარჯვებული ქალებს, კაცებსა და ბავშვებს შორის დაჯილდოვდა პროექტის მიერ დაწესებული პრიზებით. გარბენას ხელმძღვანელობდა „პირველების“ მწვრთნელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, სპორტის ოსტატი ფიქრია ფანქველაშვილი.
გარბენაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძალოსნობაში, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ, ასევე სპორტის, მედიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და საზოგადოებამ, რომელიც მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.
ევროკავშირის პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.
პროექტი ქმნის პლატფორმას საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს კომისიასა და დაინტერესებულ მხარეებს, გაეცნონ ექსპერტების გამოცდილებას, რესურსებს და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შესახებ.
გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის პროექტის მთავარი პარტნიორი და ასევე მისი ბენეფიციარი.
პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან:
– ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით;
– სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა;
– ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით;
– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის;
პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: თბილისი, გორი, ზესტაფონი.