კორონავირუსით ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-რეანიმატოლოგი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, იგეგმებოდა მისი გაწერაც, თუმცა მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.
„სამწუხარო ფაქტი მოხდა, გამოგვაკლდა ერთი კარგი მეგობარი და კოლეგა. კაცი, რომელიც პირველივე დღიდან ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში იყო ჩართული.
რვა დღის განმავლობაში ჩვენთან მკურნალობდა, იმყოფებოდა თერაპიულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა იყო სავსებით სტაბილური. ექიმი იყო და თავადაც აკონტროლებდა მდგომარეობას. მკურნალობის კურსი თითქმის დასრულებული ჰქონდა. გუშინდელ ანალიზებში ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში.
თავადა აღნიშნავდა, რომ დღეს უნდა წასულიყო სახლში, მაგრამ გამთენიისას მისი მდგომარეობა უეცრად დამძიმდა. არავინ არ ელოდა. პალატიდან დარეკვა მოასწრო კოლეგებთან, მობილიზებული იქნა მთლიანად რეანიმაციული გუნდი, გადაიყვანეს რეანიმაციაში. გულის უეცარი გაჩერება დაფიქსირდა”, – უთხრა ჟურნალისტებს გია კიკაბიძემ.
გუშინ, 17 ნოემბერს ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანიც გარდაიცვალა.