ბესელია მოქალაქეებს მოუწოდებს, უზენაესის მოსამართლეების კენჭისყრა პარლამენტთან გააპროტესტონ

პუბლიკა

დეპუტატი ეკა ბესელია მოქალაქეებს მოუწოდებს, 11 დეკემბერს, როდესაც ჩანიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით  პარლამენტთან მივიდნენ და მშვიდობიანი პროტესტის გზით გამოხატონ პოზიცია.

„ოთხშაბათს, 11 დეკემბერს, დილის 09:30 საათზე, როდესაც დაინიშნა მოსამართლეების კენჭისყრა (იმ პროცედურულ დარღვევებზე, რომლითაც დაინიშნა კომიტეტზე კენჭისყრა, თავად კომიტეტზე ვისაუბრებ), მინდა მოგიწოდოთ, თქვენი ხმა გააგონოთ დეპუტატებს, რათა მათ ვერ შეძლონ და ხელი ვერ მიაჭირონ იმ ადამიანების არჩევას, რომლებიც ისევ წარსულში დააბრუნებენ ქვეყანას“, – ამბობს ბესელია.

მისივე თქმით, ქვეყნის ბოლო ინსტანციის მოსამართლეების საკითხზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ქვეყნის ბედი ბევრი წლის განმავლობაში. ამიტომ მოქალაქეთა აქტიურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„მგონია, რომ ამ დღეს განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩემი საზოგადოების აქტიურობა, როგორი იქნება ჩვენი მოქალაქეების პროტესტი. რამდენად მასშტაბური იქნება ის… ზუსტად ერთი წლის წინ ამ სიის გამო, რომელიც პარლამენტში ისევ დადგება კენჭისყრაზე, დავტოვე თანამდებობა, დავტოვე მმართველი პარტია, გადავიტანე მართლაც უმძიმესი, მართლაც მორალური თავდასხმები და ეს უკავშირდებოდა ამ სიას, ამ კენჭისყრას, ამ პროცესს… მაგრამ დღეს მე ამას მარტო ვერ შევძლებ. მე მჭირდება ყველას დახმარება. მე მჭირდება პირველ რიგში ის, რომ გავაგონოთ ეს ხმა იმ დეპუტატებს, ვინც თქვენი სახელით უნდა უყაროს კენჭი და აირჩოს მოსამართლეები… მოგიწოდებთ, მშვიდობიანად, არაძალადობრივი პროტესტით პარლამენტის შენობასთან, თქვენი ხმა გააგონოთ დეპუტატებს“, – განაცხადა ბესელიამ.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.

ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი და ნინო ქადაგიძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.

11 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ჩანიშნულია მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა;