მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება - კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება, რისთვისაც ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.

„გამოვნახეთ საშუალება და ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაცველ მარტოხელა მოხუცებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც პანდემიის პირველი ტალღა გვქონდა ქვეყანაში, ზუსტად ამ მიდგომებით ბევრ ოჯახს დავეხმარეთ და ხელი შევუწყეთ რომ მდგომარეობა მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა. ანალოგიურად იქნება ახლაც და მომდევნო დღეების განმავლობაში, წინასაახალწლოდ ამ მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების მიტანას ვუზრუნველყოფთ“,- განაცხადა  ბრიფინგზე კალაძემ.

მისივე თქმით, ამ მიზნით ამჯერადაც შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, რომელშიც ბიზნეს-სექტორი ჩაერთვება.

„ძალიან ბევრი ზარი შემოდის ბიზნეს-სექტორიდან და გამოთქვამენ მზადყოფნას ამ პროცესში ჩართულობისა და დახმარებისთვის. ჩვენ, როგორც პანდემიის პირველ ეტაპზე, ახლაც ვქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც ყველა ადამიანს, ყველა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელს, ვისაც აქვს სურვილი, ყველანაირ შესაძლებლობას მივცემთ, რომ ჩაერთოს ამ წამოწყებაში”, – განაცხადა კალაძემ.