„საცალო-საბითუმო ვაჭრობა, როგორც იცით, მთავრობის დადგენილებით არის შეზღუდული, თუმცა მე ხაზგასმით ვამბობ, რომ არის შეზღუდვა და არა აკრძალვა. შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ (შეუძლიათ) დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ და განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, ზოგადად, მობილობის შესამცირებლად, მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არის შეზღუდული“, – ასე უპასუხა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ მეყვავილეების საპროტესტო აქციის შესახებ შეკითხვას.
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზიების მეპატრონეები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მათ ეზღუდებათ მუშაობის შესაძლებლობა. ისინი ამბობენ, რომ ყვავილებით ვაჭრობა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მძიმე ტვირთად აწევთ საბანკო ვალდებულებებიც, ამიტომ მოითხოვენ, ვაჭრობის უფლება მიეცეთ.
„არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას, ჩვენს უკან ოჯახები დგას, იმათ ყურადღების მიქცევა უნდათ, გვეუბნებიან რომ დაკეტეთ და წადით, სად წავიდეთ? მაღაზიას არ დავკეტავთ, მოვიდნენ და გავცემთ ყველას პასუხს. მოდის (მყიდველი) პირბადე გვაქვს აფარებული, ვაწვდით ყვავილს, ფულს გვაძლევს და მიდის, გარეთ ვართ, სივრცეში“, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე „ტვ პირველის“ ეთერში.
„გვიკეტავენ მაღაზიებს, საარსებო წყაროს გვიკეტავენ, ამის იქით მე შემოსავლის წყარო არ მაქვს. მშიერი მოვკვდები თუ კოვიდი მომკლავს, მნიშვნელობა არ აქვს“, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე „მთავართან“ საუბრისას.