იუსტიციის სახლი ახალშობილთათვის 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერის გაცემაზე განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ სამარცხვინოა დაცინვა მაშინ, როდესაც საქმე სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხება.
განცხადებაში განმარტებულია, რომ იუსტიციის სახლი სს „გეფასთან“ ერთად 2016 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახორციელებს პროექტს „კეთილი იყოს შენი მობრძანება“. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მშობლებს დაბადების მოწმობასთან ერთად, რომელიც ახალშობილის პირველი დოკუმენტია, იუსტიციის სახლიდან საჩუქრად ატანენ სხვადასხვა ნივთსს და ფულად ვაუჩერს.
„იუსტიციის სახლი წუხილს გამოთქვამს, თუკი ვინმესთვის ჩვილის დაბადების ამ ფორმით მილოცვა, არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაცინი გახდა. კიდევ უფრო სამწუხარო და სამარცხვინოა ეს პროცესი მაშინ, როდესაც საქმე ეხება სოციალურად დაუცველ ახალშობილებს, რომლებისთვისაც უკვე მეოთხე წელია, იუსტიციის სახლი „გეფასთან” ერთად გასცემს საჩუქრებს. დღემდე მოქმედი პროექტით 15000 პირმა უკვე ისარგებლა.
გუშინ კი, იუსტიციის სახლმა სს „გეფასთან“ განაახლა მემორანდუმი და პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დღემდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო გახდა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმ პროექტის დისკრეტიდაცია სცადეს, რომლითაც 2016 წლიდან დღემდე 15 000 პირმა უკვე ისარგებლა. იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 25 ლარიანი ვაუჩერი, არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი კერძო სექტორისა და იუსტიციის სახლისგან იმ მშობლებისა და ბავშვებითვის, ვინც იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობის ასაღებად მივა“,- აცხადებენ იუსტიციის სახლში.
იუსტიციის სახლის ცნობით, 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე.
სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს ყველა მშობელი, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახები გაუმჯობესებული პირობებით.