„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას, „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესები გადაიდო.
გუშინ 4-ვე მათგანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი პროცესები დეკემბრიდან განახლდებოდა და საქმის განხილვების კვლავ დაწყება პოლიტიკურ დაკვეთას დაუკავშირეს.
დღეს, 2 დეკემბერს, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პროცესი გაუკრვეველი ვადით გადაიდო. გვარამია მიზეზად „ფორმალურად, კორონაპანდემიას“ ასახელებს.
განხილვის გადადების შესახებ სოციალურ ქსელებში დაწერეს ირაკლი ოქრუაშვილმა და ნიკა მელიამაც. მიზეზად მათაც კორონავირუსი დაუსახელეს. გიგი უგულავას პროცესის გადადების შესახებ „პუბლიკას“ პარტიაში დაუდასტურეს.
„მიზეზად განმიმარტა სასამართლოს წარმომადგენელმა, რომ იუსტიციის საბჭომ გუშინ მიიღო რეკომენდაციები, პანდემიიდან გამომდინარე, პროცესების ჩატარებასთან დაკავშირებით, ამიტომ გადადეს სხდომა“, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა, ნიკა გვარამიას ადვოკატმა.
კორონავირუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლომ.
იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, ასევე – პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დისტანციურად განსახილველი საქმეების გაზრდამ დღის წესრიგში ტექნიკურ-მატერიალური ბაზის განახლებაც დააყენა, რაც, სასამართლოების განცხადებით, დროსა და მატერიალურ რესურსს მოაითხოვს.
ამ მიზეზების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ ასამდე საქმე გადადო.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასამართლო პროცესების ჯერ ჩანიშვნას და შემდეგ გადადებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ. მათი განცხადებით, ივანიშვილმა მათიზე ზეწოლა სცადა.
„ივანიშვილმა სცადა, რომ ზეწოლის ბერკეტად გამოეყენებინა ეს საქმეები ოპოზიციაზე, ოღონდ როგორც ჩანს, გაიგო, რომ არანაირი ზეწოლა ამის შედეგად არ განხორციელდებოდა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.
ნინო ბურჯანაძის შეფასებით, სასამართლოს ჩანიშვნამ და შემდეგ გადატანამ ცხადყო, რომ სისტემა ბიძინა ივანიშვილის სურვილს ემორჩილება და ამით ქვეყანა დიქტატურისკენ მიდის.
„ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ 8 მარტის შეთანხმებიდან სასამართლოს ნაწილი გაიხსენა, კერძოდ, შეთანხმება იმის შესახებ, რომ სასამართლო პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ უნდა გამოიყენებოდეს. ჯაფარიძის თქმით, პროკურატურამ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები უნდა შეწყვიტოს.
ალეკო ელისაშვილის თქმით, მსგავსი პროცესები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას ართულებს.