შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ასევე მოსამზადებელ ტექნიკურ სამუშაოებზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ამასთან ერთად, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინის შესყიდვაზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხა გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის. ამ უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტიანი ვაქცინაციის დასაწყებად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიამ ასევე ისაუბრა ინტენსიური ტესტირების პროცესზე და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის მთავარი მიზანია, შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, რათა ინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოვლინდეს, მოხდეს მათი იზოლაცია ან მკურნალობა.
„ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რამაც უნდა დაასტაბილუროს კოვიდის გავრცელების სისწრაფე ქვეყანაში. ჩვენ ამავდროულად ორთვიან გეგმასთან ერთად ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და უახლოეს პერიოდში მიაღწევს 20 000 ტესტს დღეში.
ეს გახლავთ პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს ხარჯზე, გაიკეთონ ტესტი, ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაკეთდება. ეს არის იმის გარდა, რასაც კომერციული სექტორი გააკეთებს. ამ ნაბიჯს აქვს კონკრეტული მიზანი – შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, რომ ჩვენ ინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ, მოვახდინოთ მათი იზოლაცია ან მკურნალობა, იმისთვის, რომ ორი თვის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში გვქონდეს შესაძლებლობა, სრულფასოვნად გავაგრძელოთ ცხოვრება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.