საბაგიროს მშენებლობა რუსთაველზე | მერიამ 7-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

პუბლიკა

თბილისის მერიამ რუსთველის გამზირიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მომსახურების სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება. ტენდერი 18 იანვარს დასრულდება.

როგორც ტექნიკურ დავალებაშია აღწერილი,  რუსთაველის #50-ში მდებარე ძველ სადგურს რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს. ასევე პროექტი ითვალისწინებს ზედა, მთაწმინდის სადგურის მშენებლობასა და საყრდენი ანძებისთვის ფუნდამენტებისა და ანკერების მოწყობას.

ქვედა სადგური, რომელიც რუსთაველის #50-ში, მეცნიერებათა აკადემიის ეზოში მდებარეობს, 1953 წელს აშენდა არქიტექტორ კ. ჩხეიძის პროექტით.  ჩხეიძე ერთ-ერთი ავტორია თავად მეცნიერებათა აკადემიის შენობისაც. შენობა ოვალის ფორმისაა. ინტერიერში, შენობის ოვალურ კედლებს სპირალური პანდუსები მიუყვება.

სადგურის შენობა საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშია, თუმცა ის პოსტ მოდერნისტულ არქიტექტურულ ტენდენციებსაც პასუხობს. მისი ფასადის დეკორით, ინტერიერში განთავსებული კიბითა და მისი ზოგადი გეგმარებით. ის მე-20 საუკუნის ღირებული მაღალმხატვრული არქიტექტურული ნიმუშია და სწორედ ამიტომ მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. საბაგირომ ფუნქციონირება 1990 წელს შეწყვიტა.საბაგიროს ქვედა სადგურის რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით უნდა შენარჩუნდეს შენობის ოვალური, ელიფსური ნაწილი. პროექტი ითვალისწინებს შენობის ოვალურ, ელიფსურ ნაწილთან მიშენების დემონტაჟს, რომელიც არის ოთხკუთხედი ფორმის. ამ ოთხკუთხედი ფორმის მიშენების დემონტაჟის შემდეგ, პროექტის მიხედვით, მას უნდა მიუშენდეს ახალი ნაწილი.

ქვედა სადგურის ესკიზი

ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს ქვედა სადგურის მეზობელი სახზოვრებელი სახლების დემონტაჟიც.

ახალი სადგური მთაწმინდაზე უნდა აშენდეს ძველი სადგურის ადგილას. როგორც ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, შენარჩუნებულია ძველი სადგურის მხოლოდ 1 კედელი. საბაგიროს პროექტი ითვალისწინებს 5 ანძის მშენებლობას.

ზედა სადგურის ესკიზი

საბაგიროს მშენებლობის საკითხზე უკვე 3 წელია, მიმდინარეობს, თუმცა ბოლოს 30 სექტემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ტენდერი გამოცხადდებოდა. კალაძის თქმით, პროექტთან დაკავშირებით იყო პრობლემები, რომლებიც, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობის გასახლებას ეხებოდა. კალაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მოგვარებულია.

„პრობლემები იყო ბევრი მიმართულებით, თუმცა ჩვენ თანმიმდევრულად შევუდექით პროექტის განხორციელებას. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ოჯახთან შეთანხმება მიღწეულია და შესაბამისად, ეს პროექტი აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, საბაგირო იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი და მისი საშულებით ერთკილომეტრიანი მანძილის დაფარვა 4 წუთში იქნება შესაძლებელი, საბაგირო ერთ საათში 1 100 ადამიანს გადაიყვანს.

როგორც 30 სეტქმებერს დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის საერთო ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი ლარია.

ზედა სადგურის ესკიზი