მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტში დეპუტატები კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივმა სხდომამ ერთხმად დაუჭირა მხარი ეკონომიკურ მიმართულებებზე მინისტრობის 4 კანდიდატს და სამთავრობო პროგრამას. კენჭისყრაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები მონაწილეობდნენ.
კომიტეტებმა მოუსმინეს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას; ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს.
მინისტრობის კანდიდატებმა კომიტეტებს გააცნეს სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“.
მათი წარდგენის შემდეგ კანდიდატებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და დაინტერესებული პირების შეკითხვებს უპასუხეს.
დღესვეა დაგეგმილი ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ დავით ზალკალიანს მოუსმენენ.
მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია გაიმართა. ადგილზე ოპოზიციური პარტიების აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. მათ შესასვლელთან არსებულ რკინის ჯებირზე სტიკერების გაკვრაც სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის მუშაობას ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 60 დეპუტატი.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით მათ უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე და მანდატების დათმობის შესახებ ოფიციალურად მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს. ასევე, ცესკომ რეგისტრაციიდან მოხსნა 5 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სია.
მანდატზე უარის შესახებ პარლამენტს უკვე მიმართეს ბლოკებმა: „ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშიამ“ , „სტრატეგია აღმაშენებელმა“; „ლელომ“, „ლეიბორისტებმა“, „ევროპულმა საქართველომ“, ზურაბ ჯაფარიძემ. უახლოეს დღეებში მიმართავს პარლამენტს „პატრიოტთა ალიანსი“. „მოქალაქეები“ მოლაპარაკების პროცესის დასრულებას ელოდებიან, თუმცა ბოიკოტში მონაწილეობენ. „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარლამენტში არ შევა პარტია, თუ არ შეგროვდება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 დეპუტატი.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკების V რაუნდი. ოპოზიცია აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე 4 მთავარი მოთხოვნაა წარდგენილი: ახალი არჩევნების დანიშვნა ან პლებისციტი ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე; ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება; საარჩევნო სისტემის ცვლილება, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და ხმის მიცემის პროცედურების დახვეწა. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათთვის „წითელი ხაზია“, ხოლო პატიმრები სამართლებრივი საკითხია, რაზეც გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ.