დასაქმება და სოციალური დაცვა - რა წერია გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამაში

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, დასაქმების მიმართულებით საკვანძო საკითხია ბიზნესის, „როგორც სამუშაო ადგილების მთავარი გენერატორის“, ხელშეწყობა.

პროგრამაში წერია, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს შრომის ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას, მათ შორის, დასაქმებულთა უფლებების დაცვის ეფექტიან აღსრულებასა და ღირსეულ დასაქმებას. სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს პროფესიული განათლების ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის აღმოსაფხვრელად.

პროგრამის მიხედვით, მომდევნო წლებში:

  • დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით, გაძლიერდება შრომის ინსპექციის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო.
  • შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გზით, აქცენტი გაკეთდება კადრების გადამზადებასა და მათი კომპეტენციის განვითარებაზე.
  • გაგრძელდება შრომის ბაზრის დეტალური კვლევა, სამუშაოს მაძიებელთა ინფორმაციული დახმარება და სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა მჭიდრო კოორდინაცია.
  • გაგრძელდება საერთაშორისო შრომითი მიგრაციის რეგულირება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.

რაც შეეხება, სოციალურ დაცვას, გიორგი გახარია აცხადებს, რომ სოციალური დაცვის მდგრადი სისტემის შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

პროგრამის მიხედვით, მთავრობა გააგრძელებს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას და მიზნობრივი სოციალური პროგრამების განხორციელებას მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

„გაგრძელდება საპენსიო ასაკის პირთა პენსიით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციას ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით და უზრუნველყოფს, დაბალი გადასახადების პირობებში, საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის სოციალური გარანტიების შექმნას. უკვე, 2021 წელს, განხორციელდება 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის პენსიის − 20 ლარით, ხოლო 70 წლის ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის − 25 ლარით  ზრდა, “- ნათქვამია პროგრამაში.

სამთავრობო პროგრამაში ასევე ხაზასმულია, რომ დაიხვეწება სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია და საარსებო შემწეობის გაცემის წესი; შემუშავდება და განხორციელდება  შრომისუნარიანი წევრების დასაქმების წახალისებისა და ხელშეწყობის ეფექტიანი მექანიზმები.

„გაუმჯობესდება და გაფართოვდება სოციალური დაცვის მექანიზმები ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვების (მათ შორის, შშმ ბავშვები და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები) საჭიროებათა დაკმაყოფილებისათვის. გაგრძელდება დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა ოჯახურ გარემოში განთავსების უზრუნველსაყოფად”- აღნიშნულია პროგრამაში.

პროგრამის მიხედვით,  მომავალ 4 წელიწადში დაგეგმილია 13 000 დევნილი ოჯახისა და 1200 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.