ოჯახის უფროსი ვინ არის, არ ვიცი – სარჯველაძე ხუნდაძეს პასუხობს

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ინიციატორებს შესთავაზა, კანონპროექტი გავრცელდეს ოჯახში ძალადობაში მსჯავრდებულებზეც, გარკვეული პირობებით.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,  მიხეილ სარჯველაძემ ხუნდაძის პასუხად განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ოჯახური დანაშაულები არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა და გამოწვევა დღესდღეობით.

„ამ შემთხვევაში ვახმოვანებ არა მხოლოდ ჩემს პირად, არამედ დეპუტატებისა და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის აზრს, ვალდებული ვარ ეს ვთქვა, რომ იმავე სამართალდამცავი ორგანოებისთვის ეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა და გამოწვევა, რომელიც ამ წუთას მათ აქვთ, ეს ოჯახური დანაშაულები, ამიტომ ვიცით  მათი დამოკიდებულება.

ერთ-ერთი მთავარი ის არის რომ მე თვითონაც ამ პასუხს ვიღებ და ვუწევ ანგარიშს. თქვენ ბრძანეთ, რომ ამ სოციალური ფონზე მკაცრი დამოკიდებულება შეიძლება შესარბილებელი იყოს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სოციალური გარემო, სადაც ვცხოვრობთ, არის სწორედ ისეთი, სადაც სისტემურ პრობლემად იქცა ოჯახში დანაშაულის გავრცელების ხარისხი. სამწუხაროდ, ეს პრობლემაა. ამას რომ ანგარიში არ გავუწიოთ არ ივარგებს. ამიტომ მე მაინც იქითკენ ვარ, რომ აუცილებელი იქნება უფრო ინდივიდუალური მექანიზმებით იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც თქვენ ბრძანებთ. ეს შეიძლება იყოს პირობით ვადამდე გათავისუფლება ინდივიდუალური მიდგომით და სხვადასხვა.

ასევე, სპეციფიკურია ისიც, რომ ეს არის რთული დანაშაული. ბევრი ხომ ლატენტურია და ლატენტურის გამოვლენა ხომ პრობლემა იყო დიდი ხნის განმავლობაში. სახელმწიფოს დიდი წინსვლა აქვს ამ მიმართულებით. მეორე არის, რომ თვითონ მტკიცების თვალსაზრისით, არის პრობლემური დანაშაული, იმიტომ, რომ ხშირად ემოციური ფონიდან და სხვადასხვა მოტივიდან გამომდინარე, თავს იკავებენ მერე ჩვენების დადასტურებიდან გამომდინარე, რომ თითქოს ოჯახური კონფლიქტის სხვა ალტერნატიული გზებით გადაწყვეტას ცდილობენ და ა.შ. ეს პრობლემაა. უფრო მეტი ანგარიშის გაწევის ვალდებულება გვაქვს სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი.

რაც შეეხება ოჯახის უფროსს, რაც ბრძანეთ, არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, უბრალოდ, ჩემთვის ეს გასაგები არ არის. თუ მარჩენალს გულისხმობთ, ესეც რომ არ შეიძლება გახდეს, მთავარი ფაქტორი იქნება ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისთვის. სოციალური პრობლემა მესმის რომ არსებობს, მეორე მხრივ, ძალიან რთულია პრობლემა, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ უფრო ხშირად „ოჯახის უფროსები“ არიან ხოლმე დანაშაულის ჩამდენნი, „სამწუხაროდ და ისინი არათუ ეხმარებიან ოჯახს, არამედ ტვირთად აწვებიან და მათი მორალური და ეკონომიკური მხარე ძალიან მძიმე და შეუსაბამო ხდება.“