საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსის, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბრის ქადაგებას და 31 დეკემბერს მის მიერ გავრცელებულ განმარტებას ეხმაურება.
რან გიდორი Facebook-ში წერს, რომ 31 დეკემბერს მიტროპოლიტის მიერ საჯაროდ გაკეთებული განმარტება მისთვის იმედის მომცემი იყო.
„20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე იოანე გამრეკელმა ბაგრატის ტაძარში წარმოთქვა ქადაგება, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია.
ამიტომ ჩემთვის იმედის მომცემი იყო 31 დეკემბერს მიტროპოლიტის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც მან განმარტა, რა იყო ნაგულისხმევი მის სიტყვაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პატივისცემა ებრაელი ხალხის მიმართ და დაგმო ანტისემიტიზმი.
ორი ათას წელზე მეტია, საქართველო მშობლიური სახლია წარმატებული ებრაული თემისთვის და ჩვენი ქართველი მეგობრები და პარტნიორები ყოველთვის სამართლიანად ამაყობენ იმ ფაქტით, რომ მათ ქვეყანაში ანტისემიტიზმი ფაქტიურად არ არსებობდა.
ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეს უკანასკნელი განცხადება და ტოლერანტობის გზავნილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღემდე (27 იანვარი) და სულ რამდენიმე კვირაა გასული, რაც ისრაელმა – ებრაულმა სახელმწიფომ – გულუხვად გაიღო სახსრები და ასევე გადასცა აღჭურვილობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისს, რათა დაეხმაროს საქართველოს Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში.
ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს შევხვდეთ ღრმა რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს“, – წერია განცხადებაში.
20 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ქადაგებაში ამბროსი მედიოლიონელის ცხოვრებიდან ფრაგმენტის შესახებ ისაუბრა, როცა დაპირისპირება მოხდა იუდეველთა თემსა და ქრისტიანებს შორის.
ქადაგებაში მიტროპოლიტი ამბობს, რომ დაპირისპირების დროს ქრისტიანებმა სინაგოგა დაანგრიეს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ დაიჩივლა, ხელახლა აგვიშენონ ტაძარიო. მიტროპოლიტის თქმით, მაშინ მეუფე ამბროსიმ უპასუხა ამ მოთხოვნას:
„მან უპასუხა, რომ ქრისტეს ჯვარმცმელს და ქრისტიანთა მდევნელს, სალოცავი როგორ უნდა ავუშენოთო, ნუ ისინიც მოქალაქეები არიან და აქვთ უფლება, დღევანდელი ნორმებით უფლებები აქვთ. მაშინ ამბროსი ხომ ყოფილი სამხედრო მოხელე იყო და მან შეუთვალა, კარგიო. მხოლოდ მათ ჯერ გადაიხადონ, საუკუნეების მანძილზე ამდენი ქრისტიანი აწამეს, ამდენი ქრისტიანთა სალოცავი დაანგრიეს და რამდენი და რამდენჯერ… ამ ყველაფერს რომ გადაიხდიან, იქიდან ჩვენ თანხას მივცემთ სინაგოგის აშენებისთვისო. მიხვდნენ, რომ ეს თანხა ისეთია, ვერ გადაიხდიდნენ. უდანაშაულოთა სისხლის ფასი არის, რომ გადაიხადო? რამდენი აწამეს, მათი ცილისწამებით, ბრალდებით, დასმენით. რამდენჯერ, სანამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა ქრისტიანობა, ძალადობდნენ ქრისტიანებზე. მაშინ ამ თემის თემის მმართველმა დაიბარა და უთხრა, პასუხი ასეთია – თქვენ იმ საუკუნეების, 2 საუკუნე მაინც გადაიხადეთ და ისინი იქიდან თქვენ გადაგიხდიანო. უარი თქვეს, ჩვენ თვითონ ავაშენებთ სინაგოგასო.“, – თქვა ქადაგებაში მიტროპოლიტმა იოანემ.
უკიდურესად შემაშფოთებელია მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ანტისემიტური ქადაგება – ასე გამოეხმაურა აღნიშნულ ქადაგებას „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“.
მოგვიანებით უკვე „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ შეფასებას უპასუხა ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ და განაცხადა, რომ ეს მიტროპოლიტის და ეკლესიის მიმართ ცილისწამებაა.
31 დეკემბერს მიტროპოლიტმა იოანემ კრიტიკის საპასუხოდ წერილი გაავრცელა.
წერილში მიტროპოლიტი წერს, რომ TDI-ის შეფასებაში ქადაგებიდან უკონტექსტოდ აქვს ამოღებული ფრაზები, რითიც ორგანიზაცია ცდილობს, ეკლესიის ირგვლივ შექმნას დაძაბულობა. მიტროპოლიტი მწუხარებას გამოთქვამს, რომ TDI-ის მიერ მისი ქადაგება ანტისემიტურ მოწოდებებად იქნა აღქმული და ფართო საზოგადოებას წარედგინა, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგადი პოზიცია. ამავე განცხადებაში მიტროპოლიტი განმარტავს, რას შეეხებოდა მისი ქადაგება.