ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ MIS-C (Multisystem inflammatory syndrome in children), ანუ მულტიორგანული ანთების სინდრომის მქონე ბავშვების შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა.
ცნობისთვის, ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში (MIS-C), სავარაუდოდ, დაკავშირებულია COVID-19- თან.
2020 წლის აპრილის ბოლოდან გაჩნდა ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებში ანთებითი პროცესები დაიწყო. თავდაპირველად მსგავსი შემთხვევები ბრიტანეთში, მოგვიანებით კი ნიუ იორკში გამოვლინდა. დაავადება, რომელსაც ახლა MIS-C უწოდებენ, იწვევს ხანგრძლივ ცხელებას, ანთებას სხეულში და აზიანებს ერთ ან რამდენიმე ორგანოთა სისტემას.
ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა იწვევს ამ ანთებით სინდრომს, თუმცა მას უკავშირებენ COVID-19- ს. სინდრომის მქონე ბავშვთა უმეტესობის ტესტის პასუხი ვირუსზე დადებითი იყო.
ჟურნალისტებმა თამარ გაბუნიას ჰკითხეს, თუ აქვს სახელმწიფოს გეგმა შემუშავებული, როგორ უნდა დაეხმარონ ამ ბავშვებს. ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სამკურნალო მედიკამენტი საქართველოში რთულად იშოვება და ძვირიც ღირს (მისი ცნობით, 10 აბი – 600 ლარი).
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სინდრომი 15 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 60-მდე ბავშვს აღმოაჩნდა. მისი თქმით, ეს სინდრომი სამედიცინო საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, შემთხვევების მატების შემდეგ კი ის საქართველოშიც დაფიქსირდა.
„დაახლოებით, 55-60 შემთხვევამდე არის დაფიქსირებული ჩვენთან. შემთხვევების დიდი ნაწილი იყო მსუბუქი მიმდინარეობის. ყველა, საბედნიეროდ, კარგად დამთავრდა”, – ამბობს გაბუნია.
მისივე თქმით, MIS სინდრომის მქონე ბავშვებს, უმეტესად, იაშვილის კლინიკამ და „ნიუ ჰოსპიტალმა“ უმკურნალეს, 10 ნოემბერს მიღებული პროტოკოლის შესაბამისად.
„შემთხვევების დიდი ნაწილისთვის საკმარისია სტანდარტული მკურნალობა, მათ შორის, სტეროიდებით. საჭიროა, რიგ შემთხვევაში, იმუნოგლობულინი, რომელიც აქვს იმ კლინიკებს, ვინც ამ მედიკამენტებს მანამდე იყენებდა სხვა მიზნებისთვის.
გუშინ მქონდა საუბარი იაშვილის კლინიკასთან და მათთან დეფიციტი არ არის მედიკამენტის. რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო კოვიდსა და მასთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯს აფინანსებს ფაქტობრივი ანაზღაურებით; ეს მედიკამენტი აფთიაქში არ უნდა ვეძიოთ. ეს არის საავადმყოფოს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს მედიკამენტზე წვდომა. ბაზარზე და მით უმეტეს, შავ ბაზარზე არავინ შეეცადოს ამ წამლის მოძიებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.